პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ტელესერიალის გადაღებები დაიწყება.
“Inside Edge” – ასე ჰქვია ქართულ-ინდურ კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდუსერო კომპანია ფილმ პროდაქშენი იმუშავებს.
ტელესერიალის სიუჟეტი კრიკეტის სამყაროში, გუნდების მეპატრონეებისა და მათი ტოპ მოთამაშეების მდიდრულ ცხოვრებაში ვითარდება, სადაც კრიკეტს მიღმა უფრო დიდი თამაშია, რომელსაც მხოლოდ სპორტსმენები არ თამაშობენ. ტელესერიალში მთავარ როლს, ბოლივუდის ვარსკვლავი, ვივეკ ობერო (Vivek Oberoi) ასრულებს, რომელსაც არა ერთი საპატიო ჯილდო აქვს მოპოვებული.
“Inside Edge”-ის გადაღებები პირველ სექტემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და მის შემოგარენში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.