LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კომპანიათა 18.7%-მა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა

106
d31b937fc877f5baa3cb4ca8fbea0042

საქართველოს ბიზნესასოციაცია BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრის 2022 წლის I კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, გასულ კვარტალთან შედარებით, დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა და თითქმის გაუტოლდა, 2019 წლის IV კვარტლის, პანდემიის დაწყებამდე დაფიქსირებულ მონაცემებს. აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა ასევე 2021 წლის I კვარტალთან შედარებით.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის კვლევის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მომდევნო კვარტლის დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ მოლოდინებს ასახავს.

BAG დასაქმების ბარომეტრი გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების შედეგებსაც აჯამებს, როგორც საერთო, ისე სექტორულ ჭრილში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობამ დასაქმებულთა რაოდენობა შეინარჩუნა, ხოლო 18.7%-მა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა.

რაც შეეხება მოლოდინებს, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა დასაქმების მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს, ხოლო 29% ფიქრობს, რომ 2022 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. აღნიშნულ განწყობას, სავარაუდოდ, განაპირობებს ოპტიმისტური მოლოდინი გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით, რასაც კომპანიათა დიდი ნაწილი აფიქსირებს.

ცნობისთვის, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია ყველა სექტორში მშენებლობის სექტორის გარდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს მიმდინარე კვარტალში გაყიდვების მკვეთრი შემცირებით. საგულისხმოა ვაჭრობის და მრეწველობის სექტორები, რომლებიც 2021 წლიდან სტაბილურად ინარჩუნებენ დასაქმებულთა რაოდენობას. მეტიც, კომპანიების გარკვეული ნაწილი მომავალ კვარტალში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას პროგნოზირებს.

ცნობისთვის, კვლევა განხორციელდა 14-28 თებერვლის პერიოდში, შესაბამისად, ის ნეგატიური ეფექტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ახლავს, კვლევაში ასახული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები