ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID ინფიცირებულ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სონღულაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლესაც დადასტურებული ჰქონდა COVID-19-ის დიაგნოზი და უკვე მესამე კვირაა მკურნალობდა, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა”, – განაცხადა მაკა სონღულაშვილმა.
საქართველოში პირველად ქირურგიული ჩარევა დასჭირდა პაციენტს, რომელიც ახალი კორონავირუსით არის დაავადებული. პირველად ჩატარდა ინფიცირებული პირის ოპერაცია. ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ გუშინ საღამოს „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ორი დღე ცდილობდნენ პაციენტის დახმარებას თერაპიული მკურნალობით, მაგრამ ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდა.
დავით გადელიას განმარტებით, ოპერაცია ლაპარასკოპიის მეთოდით ნაღვლის ბუშტზე ჩატარდა. მისი თქმით, ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა.
„სრული აღკაზმულობით მოუწიათ ექიმებს ოპერაციის ჩატარება, ექთნის შეცვლაც კი დაგვჭირდა, რადგან ძალიან რთულია ასეთი აღკაზმულობით მუშაობა. ოპერაცია წარმატებით ჩავატარეთ. ქირურგი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, როგორც იტყვიან, წყლად იღვრებოდა, სათვალეც კი დაბურული ჰქონდა, რადგან როგორც აღვნიშნე, ტექნიკურად ძალიან რთულია, ასეთი აღკაზმულობით მუშაობა“, – განაცხადა დავით გადელიამ.