LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მამაკაცების ანაზღაურება ქალებისას 37%-ით აღემატება

144
genderwagessocial

ქალისა და კაცის საშუალო ხელფასები შესაძლოა, მომდევნო 30 წლის განმავლობაში არ გათანაბრდეს – ამის შესახებ საუბარია ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაში. ორგანიზაციამ საქართველოში არსებული სახელფასო სხვაობა მიმოიხილა. საუბარია, მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ანაზღაურებაზე.

კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში კაცის საშუალო ანაზღაურებამ 1360.5 ლარი შეადგინა, ქალის ხელფასმა კი 856.2 ლარი, რაც 37.07%-იან სხვაობას ნიშნავს.

„არათანაბარი ანაზღაურების ანალიზი შესაძლებელია 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქალის ანაზღაურება კაცთან შედარებით 49%-ით ნაკლები იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ორი სქესის საშუალო ხელფასების აბსოლუტური სხვაობა თანდათან იზრდება, პროცენტული სხვაობა 2005 წლიდან მოყოლებული მცირდება. 2005-დან 2013 წლამდე ეს სხვაობა 51.06%-დან 36.43%-მდე დაეცა, თუმცა შემდგომ ნახევარი პროცენტით გაიზარდა, რის შედეგადაც მოვედით დღევანდელ 37.07%-თან. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული 10 წლის ტრენდი არ შეიცვლება, ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას 30 წელი დასჭირდება, უკანასკნელი 5 წლის ტრენდის თანახმად, კი ქალისა და კაცის საშუალო ხელფასები არ გათანაბრდება“,-აღნიშნულია კვლევაში.

PMSG-ის ინფორმაციით, 2018 წელს, საქართველოს პოტენციურმა სამუშაო ძალამ (15 წლის და ზევით მყოფი), 3.034 მილიონი ადამიანი შეადგინა. სადაც, ქალები ამ 15+ მოსახლეობის 53.6%-ს წარმოადგენენ, თუმცა, ამავდროულად სამუშაო ძალის მხოლოდ 46.6%-ს, რაც ნიშნავს, რომ მეტი ქალი არ იღებს მონაწილეობას სამუშაო ძალაში, ვიდრე კაცი.

სახელფასო სხვაობის ერთ-ერთ ამხსნელ მიზეზს შესაძლოა, წარმოადგენდეს ქალთა და კაცთა არაპროპორციული გადანაწილება სხვადასხვა სექტორებში.

„მარტივი შესამჩნევია, რომ ძირითადად დაბალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებულთა უმეტესობა ქალია. კერძოდ, კაცები საგრძნობლად ჭარბობენ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა, მშენებლობის სექტორი და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორი. საშუალო ხელფასები ამ სექტორებში შეადგენს 1757 და 1513 ლარს, რაც მათ მეოთხე და მეხუთე ყველაზე მაღალანაზღაურებადს ხდის. შედარებისთვის, განათლების სექტორში, რომელიც ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორად ითვლება, დასაქმებულთა 82% ქალია.

ანაზღაურებებს შორის სხვაობა შესაძლებელია დაზუსტდეს საათობრივი მუშაობის გათვალისწინებით. კერძოდ, მონაცამებიდან გამომდინარე, ქალი საშუალოდ ნაკლებ დროს უთმობს სამუშაოს, ვიდრე კაცი“, – წერია კვლევაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ორგზანიაცია არათანაბარი ხელფასების მიზეზებს შორის გამოყოფს, არის საქმიანობის სახეობა სექტორში.

„კერძოდ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სადაც ყველაზე მეტად არის შესამჩნევი ხელფასებს შორის სხვაობა, ქალების 74.2% მუშაობს ოფისის პერსონალად. ამავდროულად, ამ დაბალანაზღაურებად სამუშაოს კაცების მხოლოდ 56.2% იკავებს. მაღალანაზღაურებად სამუშაოში კი, როგორიცაა სპეციალისტ-პროფესიონალი, კაცების პროცენტული წილი (13%) ორჯერ აღემატება ქალების წილს“,-აღნიშნულია კვლევაში.

PMCG-ს ინფორმაცითვე, შეუძლებელია ყველა ნახსენები ფაქტორის გათვალისწინებით გაერთიანებული მაჩვენებლის გამოყვანა, თუ რას უდრის რეალური სხვაობა ქალთა და კაცთა ანაზღაურებებს შორის. თუმცა, არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა იმ დასკვნის გამოტანა, რომ ამ სხვაობის გარკვეული ნაწილი გამოწვეულია კაცისა და ქალის განსხვავებული სამუშაო საათებით და სხვადასხვა კარიერული გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ადრეულ ასაკში აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g