მედია დაგეგმარება, რეკლამის განთავსება, მონიტორინგი – ეს იმ სერვისების ძირითადი ჩამონათვალია, რომელსაც ”ედ კორპორაცია” მომხმარებელს სთავაზობს. ქართული სარეკლამო კომპანია დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
როგორც ”ედ კორპორაციაში” აცხადებენ, ბაზარზე გამოჩენის პირველ წლებში ისინი კლიენტებს რეკლამირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, მრავალი მიმართულებით სთავაზობდნენ, თუმცა შემდგომ საქმიანობა მხოლოდ ერთი მიმართულებით განაგრძეს: ეს არის მედია დაგეგმარება და რეკლამის განთავსება.
”მოგეხსენებათ, მედია საშუალებები ყოველდღიურად ვითარდებიან და მათი განვითარების პარალელურად ვვითარდებით ჩვენც. ამ ეტაპზე კომპანიებს ვეხმარებით მედია დაგეგმარებასა და რეკლამის განთავსებაში, როგორც ტელევიზიაში, ისე რადიოსა და ინტერნეტმედიაში. გარდა ამისა, კონკრეტულ კომპანიას ვუმზადებთ კვლევას მის სფეროში არსებული სხვა კომპანიების შესახებ. მაგალითად, თუ ჩვენთან რეკლამა მოიტანა კონკრეტულმა ბანკმა და უნდა, რომელიმე მედია საშუალებაში განთავსება, გარდა იმისა, რომ ვუგეგმავთ სად და რა სიხშირით განათავსოს ეს რეკლამა, ვაწვდით ასევე ინფორმაციიას მათი კონკურენტი ბანკების მიერ განთავსებული რეკლამებისა და პროდუქტების შესახებ”, – აცხადებენ ”ედ კორპორაციაში”.
მათივე ცნობით, მოთხოვნა მედია დაგეგმარებაზე და რეკლამის განთავსებაზე საქართველოში ძალიან მაღალია და მუდმივად მზარდია. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მოთხოვნა რეკლამის ინტერნეტ მედიაში განთავსებაზე.
ცნობისთვის, ”ედ კორპორაცია” ქართულ სარეკლამო ბიზნესში 1997 წლის 20 ოქტომბერს გამოჩნდა.