LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მოსახლეობის ნახევარი ავტომობილს ფლობს

226
avtomobilebi_tbilisi_lamazi

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთილმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 46% ავტომობილს ფლობს.  2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 42% იყო, ხოლო 2018 წელს – 48%.

მათგან, ვინც თქვა, რომ ჰყავს ავტომობილი, 79% ერთს, 17% ორს, ხოლო 4% სამ ან მეტ ავტომობილს ფლობს. 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 2 ავტომობილის მფლობელთა წილი, ხოლო ერთი ავტომობილის მფლობელთა წილი 2% პუნქტით შემცირებულია.

გამოკითხულთა 80% საკუთარ ავტომობილს ბენზინზე ამუშავებს და ამასთან, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წილი იზრდება, ძირითადად გაზზე მომუშავე ავტომობილების შემცირების ხარჯზე.

2019 წლის კვლევაში ცალკე იყო გამოყოფილი ბენზინზე და ელექტროენერგიაზე ერთდროულად მომუშავე (ჰიბრიდი) ავტომობილების წილი, რომელმაც 4% დაიკავა. წინა კვლევებში „ჰიბრიდი“ ცალკე არ იყო გამოყოფილი, ამიტომ მიღებულ შედეგს წინა წლებს ვერ შევადარებთ. ბუნებრივ აირს სატრანსპორტო საშუალებისთვის მხოლოდ 16% იყენებს, ხოლო გამოკითხულთა 19% დიზელის საწვავის მომხმარებელი იყო.

ამასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, საწვავის არჩევის დროს მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ფასს აქცევს, შემდეგ კი – ხარისხს.

კვლევის თანახმად, საწვავზე ფასის ცვლილება ძირითადად ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსზე და აქციზის გადასახადის ცვლილებაზე იყო დამოკიდებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48 პროცენტით შემცირდა, თუმცა საწვავი არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53 პროცენტით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა.

ეს მიგნებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციების შესწავლისას გამოვლინდა.  საქართველოს საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების განსაზღვრის მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2019 წლისა და 2018 წლის მარტში საზოგადოებრივი აზრის ორი კვლევა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წელს 1843 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიკითხა, ხოლო 2019 წელს – 2087. მსგავსი კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2014 წლის დეკემბერშიც ჩაატარა.

magti 5g