საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS (პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურება) გაერთიანების სიმპოზიუმს მასპინძლობს.
სიმპოზიუმში 16 ქვეყნის, მათ შორის: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთის და სხვა საფოსტო ოპერატორების მაღალი რანგის მენეჯერები, ასევე მსოფლიო საფოსტო კავშირისა და კოლოგრაფის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
სიმპოზიუმის მთავარი თემაა: საფოსტო ოპერატორების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ელ. კომერციის განვითარება და ბაზარზე არსებული გამოწვევები. ღონისძიება საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის გამოსვლით გაიხსნა, რის შემდეგაც მსოფლიო საფოსტო გაერთიანების EMS-მიმართულების ხელმძღვანელმა ჯეინ დაიერიმ დამსწრეებს მსოფლიო საფოსტო გაერთიანების UPU-ს გენერალური დირექტორის ბიშარ ჰუსეინის ოფიციალური მიმართვა გააცნო.
„საქართველოს ფოსტამ ძალიან მოკლე დროში მოახერხა მაღალი სტანდარტების დანერგვა, როგორც საოპერაციო პროცესებში, ასევე სერვისის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით წევრთა განვითარების პროცესებს და შემიძლია გითხრათ რომ საქართველოს ფოსტამ წარმოუდგენლად მოკლე დროში შეძლო განვითარება, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ საქართველოში. მეტად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი გეგმების შემუშავება. დღეს საფოსტო ბიზნესის ყველაზე დიდ გამოწვევას ელექტრონული კომერცია წარმოადგენს, ეს მომავალია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყოველწლიურად მივიღოთ და გავაგზავნოთ მილიონობით გზავნილი, ამისათვის კი მეტად მნიშვნელოვანია სანდო და ძლიერი პარტნიორების ყოლა, ისეთი როგორიც საქართველოს ფოსტა გახლავთ“, – აღნიშნულია მსოფლიო საფოსტო გაერთიანების UPU-ს გენერალური დირექტორის ბიშარ ჰუსეინის მიმართვაში.
„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრას საქართველოში, ეს საშუალებას მოგვცემს, სამომავლოდ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა გავაგრძელოთ მსოფლიოს წამყვან საფოსტო ოპერატორებთან, რის შედეგადაც საქართველოს ფოსტა გახდება ერთიანი ჯაჭვის ნაწილი. მიმდინარე წელს საფოსტო ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა ელექტრონული კომერციაა, ჩვენ ვგეგმავთ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილები სწორედ საქართველომ გაატაროს. ამისთვის წელს დავიწყებთ ახალი დახარისხების ცენტრის მშენებლობას, რომელიც უზრუნველყოფს გაზრდილ გზავნილთა რაოდენობის სწრაფ გამტარიანობას. მრავალი ძირეული რეფორმა გავატარეთ როგორც საოპერაციო, ასევე სერვისების განვითარების მიმართულებით, განახლდა სერვის ცენტრები, შეიქმნა ახალი სამუშაო სტანდარტები და დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები, რამაც საქართველოს ფოსტის სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარება განაპირობა ევროპული და მსოფლიო საფოსტო გაერთიანებების მიერ“, -განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
ცნობისთვის, მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 190 ქვეყანას, პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა, ხოლო მიმდინარე წელს გაერთიანების მმართველობითი საბჭოს არჩევნების შედეგად მმართველ რგოლში დაიკავა ადგილი.
საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.