ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო კონკურსის ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” გამარჯვებულები ცნობილია:
- Plug and Play – მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სტარტაპების აქსელერატორი 2006 წელს აშშ-ში დაფუძნდა. დღეს ის 50-ზე მეტ ქალაქშია წარმოდგენილი და აქსელერაციის 60-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი პორტფოლიო 2500-ზე მეტ სტარტაპს აერთიანებს, რომლებმაც 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიზიდეს. Plug and Play არის გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოთამაშე, მისი მისიაა ტექნოლოგიური პროგრესის წახალისება მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური პლატფორმის შექმნით.
- Startupbootcamp – ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპების აქსელერატორი 2010 წელს დაარსდა დანიაში. კომპანია გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. Startupbootcamp-მა, 2010 წლიდან დღემდე, 180-ზე მეტი აქსელერაციის სპეციალიზებული პროგრამა განახორციელა, რომელშიც ჩართული იყო 1800-ზე მეტი სტარტაპი. სტარტაპებს 3.5 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები აქვთ მოზიდული. კომპანიას ჰყავს 100-ზე მეტი წარმატებით „დაექსითებული“ სტარტაპი. Startupbootcamp კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.
- 500 Global – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანია 2010 წელს აშშ-ში დაარსდა. მას აქვთ 3000+ პორტფოლიო კომპანია, მათ შორის 35+ კომპანია 1 მლრდ დოლარის და მეტი ღირებულებით.
- Founder Institute – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აქსელერატორი აშშ-დან ეხმარება ადრეული ეტაპის სტარტაპებს იდეების ბიზნესებად ქცევაში. კომპანია 2009 წელს დაარსდა და დღეს აქვს წარმომადგენლობა 200+ ქალაქში და 100+ ქვეყანაში. მათ პორტფოლიოშია 5000+ სტარტაპი, რომლებმაც მოიზიდეს 950 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
კონკურსის შედეგად შერჩეული აქსელერატორები ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარებიან. პროგრამის განხორციელება 2026 წლიდან დაიწყება.
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა“ ხელს შეუწყობს:
- ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში.
- სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად.
- მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას.
ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა”, საერთო ჯამში, სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, ბელგია, ესტონეთი, დანია, გერმანია, შვეიცარია, პორტუგალია, ისრაელი, ირლანდია, ლიეტუვა) 17 განაცხადი შემოვიდა.