საქართველოში პირველად, ყველაზე მასშტაბური „Unlimited Summit“ გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს თავისუფალ პროფესიონალებს (Freelancers), ინოვატორებსა (Startupers) და ბიზნესის შემქმნელებს (Entrepreneurs). ღონისძიებას 25 აპრილს საერთო სამუშაო სივრცე „კომბინატი“ (მოსკოვის გამზირი, #13) უმასპინძლებს, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა. „Unlimited Summit“-ზე 40-მდე ექსპერტი გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას მათ, ვინც ციფრულ ეპოქაში მომავლის შექმნით არის დაინტერესებული.
ნინო ზექალაშვილი, სამიტის მთავარი ორგანიზატორი:
– უპირველესად აღვნიშნავ, რომ 6 წელზე მეტია, რაც ფრილანსერების ჯგუფი მაქვს (2019 წლის 2 ნოემბერს დავაარსე), რომელიც ამ ეტაპზე 50 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს. ფრილანსერები არიან თვითდასაქმებულები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, უმრავლეს შემთხვევაში, დისტანციურად, ნებისმიერი წერტილიდან, ოღონდ არა სტაბილურად – სხვადასხვა კომპანიისთვის ხან ერთდროულად, ხან ცალ-ცალკე და ერთჯერად კონტრაქტებზე, ძირითადად, მოკლევადიან შეთანხმებებზე. ფრილანსერები ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკურადაც სწევენ მომსახურებას, მაგრამ არ ითვლებიან სტაბილურ კადრად. მაგალითად, დიასახლისი, რომელსაც სახლში იძახებთ, შეიძლება იყოს ფრილანსერი. თუმცა ჩვენი სამიტი ამ ეტაპზე უფრო მეტად ტექ მიმართულებით კონცენტრირდება, რათა პროფესიული განათლება აამაღლოს საქართველოში.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს უამრავი პროფესია გაჩნდა, რომელიც შეგიძლია ძალიან მალე შეისწავლო, დასაქმდე ისე, რომ, ვთქვათ, რეგიონის დატოვება არ მოგიწიოს. სწორედ იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ოთხწლიანი სწავლის შემდეგ სამსახურის პოვნა დიდხანს არ გაგიგრძელდეს, ფრილანსერობა კარგი გამოსავალია, ის ვიღაცებისთვის მართლაც ბევრ პრობლემას წყვეტს. მეტიც, ფრილანსერობა ახლანდელი საუკუნის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესია.

ბოლო წლების განმავლობაში უამრავ ფრილანსერთან მომიწია კომუნიკაცია, ისევე როგორც უამრავ დამსაქმებელთან, რომლებიც ჩვენი ჯგუფის საშუალებით ეძებდნენ ხოლმე მათთვის შესაბამის კანდიდატებს. ჩემს ხელში, დაახლოებით, 3000-მდე ვაკანსიას გაუვლია, 2000-მდე ადამიანთან მქონია პერსონალური გასაუბრება, რათა დავხმარებოდი, მერჩია, მაგალითად, რა გაეთვალისწინებინა რეზიუმეში, რომელი პროფესია აერჩია, რომელ სასწავლებელში ესწავლა (სასწავლებლებთანაც აქტიური კომუნიკაცია მქონდა). გასულ წელს დავაარსეთ და გავხდი თანადამფუძნებელი ფრილანსერების ასოციაციის, რომელსაც დიდი გეგმები ჰქონდა და აქვს ახლაც. Youtube-ზე გვქონდა საკუთარი არხიც „ფრილანს ფანჯარა“, რომელიც ამ ეტაპზე დროებით გაჩერებულია, რადგან თავიდან ბოლომდე ჩავერთე სამიტის საორგანიზაციო ნაწილში.
სამიტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლავთ თავად „კომბინატი“, სივრცე, რომელიც გვმასპინძლობს, უფრო სწორად კი მმასპინძლობს, რადგან „კომბინატი“ რომ არა, მას რომ არ ეთქვა, შენ ოღონდ ჩაატარე, რადგან ამ აუდიტორიას კარგად იცნობ და მე გვერდით გიდგავარო, შეიძლება, ასეთი ღონისძიებისთვის დამოუკიდებლად ხელი არ მომეკიდებინა. ასე გადაწყდა, ჩატარებულიყო „Unlimited Summit“ და უფრო მეტად ორიენტირებული ყოფილიყო ადამიანებზე, ვინც ახლა იწყებს, ახლა ეძებს, ახლა ცდილობს განვითარებას, იმიტომ, რომ მართალია, საქართველოში ბევრი კარგი ტექ ფესტივალი ტარდება, რომელთა აქტიური ვიზიტორი მეც გახლავართ, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, მათზე აქცენტი ისედაც პროფესიონალებზე კეთდება, რომლებმაც სიახლეები უნდა მოისმინონ და სხვა პროფესიონალები უნდა გაიცნონ. ხოლო იმაზე, თუ როგორ დაიწყონ, როგორ გაიზარდონ, რა არის დღეს მთავარი და სხვა, აქცენტირება ნაკლებად ხდება. ამიტომ გადავწყვიტე, სპეციალური ღონისძიება ჩატარებულიყო ტექ სტარტაპებისთვის – დამწყები მეწარმეებისთვისაც მიმეცა მოსვლის საშუალება, იმიტომ, რომ მათ ახლა სჭირდებათ მოტივაცია.
– სავარაუდოდ, სპიკერებიც ამის მიხედვით შეირჩნენ.
– დიახ. 40-მდე სპიკერი გვეყოლება. კომბინატს სამი სართული აქვს და თითოეულზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, სადაც სპიკერები თემების მიხედვით გვეყოლებიან განაწილებულები. მაგალითად, ერთი სართული სრულად ეთმობა კარიერას და დასაქმებას და აქ ჩატარდება დასაქმების ფესტივალი – კომპანიები საკუთარ შეთავაზებებს წარუდგენენ ფრილანსერებს. ასევე გაიმართება პროფესიული სასწავლებლების ფესტივალი. ამ ფესტივალებზე ფრილანსერების წინაშე წარდგებიან, მაგალითად, HR მიმართულების, პერსონალური ბრენდინგის მიმართულების, კარიერული მენტორშიპის მიმართულების სპიკერები. თვითდასაქმებულები ასევე მიიღებენ ფინანსურ და იურიდიულ რჩევებს, როგორ მართონ საკუთარი ბიუჯეტი, როგორ განახორციელონ გონივრული ინვესტიციები, რათა შინ დაბრუნებულებმა უკვე იცოდნენ, ხვალ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. მესამე სართულზე ვგეგმავთ, რომ ჩატარდეს ისეთი ტექ კომპანიების გამოფენა, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან. ამ სივრცეში სპიკერები ისაუბრებენ მარკეტინგზე, ბრენდინგზე, სტრატეგიაზე, ვებგვერდის შექმნაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე (რადგან არას ხშირად ვისმენთ და უნდა ვიცოდეთ, როგორ გადავლახოთ შიშები და ბარიერები), პროექტების მართვაზე, კონტენტის შექმნაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და სხვა.

– იქნება თუ არა ეს ღონისძიება ფრილანსერებისთვის იმაში დარწმუნების შესაძლებლობაც, რომ ხელოვნური ინტელექტის დომინაციის პირობებშიც კი, მათი რესურსი ჯერ კიდევ აუცილებელია?
– დიახ. ხელოვნური ინტელექტი ყველას ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს, უბრალოდ (სამიტზეც ვისაუბრებთ ამაზე), უნდა ვიცოდეთ მისი გონივრული გამოყენება, უნდა შეგვეძლოს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, უნდა ვერკვეოდეთ, როგორ დავიცვათ მონაცემთა უსაფრთხოება. სამიტზე ასევე ვისაუბრებთ AI კონტენტზეც, რომელსაც დღეს ასე ხშირად მიმართავენ და ვეცდებით აუდიტორიას დავანახოთ ავთენტურობის, ხარისხის მნიშვნელობა.
– სამიტის სოციალურ მისიაზეც გავამახვილოთ ყურადღება.
– ღონისძიებაზე იმოქმედებს დონაციის სისტემა. დამსწრეებისგან შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტექ პროდუქტებისა და განათლების დაფინანსებას.
– როდის სრულდება სამიტზე დასწრების მსურველთათვის რეგისტრაცია?
– რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აპრილის 22:00 საათი. დასწრება სრულიად უფასოა, თუმცა მხოლოდ ის დამწყები ფრილანსერები და სტარტაპერები შეირჩევიან (ჯამში, 350 პირი), რომლებსაც აქვთ რეალური საჭიროება, შეზღუდული რესურსები და ამასთანავე განვითარების მოტივაცია.
სოციალურ ქსელებში სამიტის გვერდებზე (ფეისბუკი, ინსტაგრამი, ლინკდინი, ტიკ-ტოკი) დასწრების მსურველებს ორი ბმული დახვდებათ – ერთი მათგანი ფასიანია და განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებმაც საკუთარი შეთავაზებები უნდა წარადგინონ, ფრილანსერებმა კი უნდა გამოიყენონ ბმული, რომელსაც „Unlimited Summit“ ჰქვია და ის სრულიად უფასოა. ძალას არ დავიშურებთ, რომ მართლაც ულიმიტო შესაძლებლობები მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვესტუმრებიან. ეს ღონისძიება არ იქნება ერთჯერადი, აუცილებლად გაგრძელდება, მომდევნო შემოდგომაზეა დაგეგმილი და მას უკვე საერთაშორისო სპიკერები ეყოლება.