საქართველოში პირველად ველოსიპედების წარმოება იწყება. პროექტს კომპანია Georgian Bicycle Group ახორციელებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა, ახალი ქართული პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში 2018 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება. ამასთან, ქართული ველოსიპედის გაყიდვები ადგილობრივი ბაზრის გარდა, უცხოეთშიც განხორციელდება. საექსპორტო ბაზრებად სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი მოიაზრება.
”პროექტზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სატესტო რეჟიმში უკვე რამდენიმე ველოსიპედი დავამზადეთ. სერიული წარმოება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება. რაც შეეხება დეტალებს, რომლითაც ველოსიპედი აეწყობა, იაპონიიდან, გერმანიიდან, ტაივანიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს. დიზაინი კი საქართველოში იქმნება და ველოსიპედებიც აქვე დამზადდება”, – აღნიშნა კინკნაველიძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია საწყის ეტაპზე ქალაქის, შემდეგ კი სამთო ველოსიპედებს დაამზადებს.
„პროექტი უდავოდ ინოვაციურია. დღეისთვის ველოინდუსტრიაში სამი ზომის თვალი არსებობს: 26, 27,5 და 29 ინჩიანი. თითეული სხვადასხვა სახის ველოსიპედს მიესადაგება. მაგრამ, აუცილებელია, რომ ველოსიპედის ორივე თვალი იდენტური ზომის იყოს. ამის გამო ხშირად მომხმარებლებს უწევთ ჩარჩოს, ან თავად ველოსიპედის გამოცვლა. ჩვენს შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ინოვაციურ მიდგომასთან. ქართული ველოსიპედის უპირატესობა ისაა, რომ კონკრეტულ სახეობაზე შესაძლებელი იქნება სამიდან ნებისმიერი ზომის თვალის დამაგრება ისე, რომ არ დაირღვევა გეომეტრიული წონასწორობა,“ – განუმარტა ”ფორტუნას” Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება პირველი ქართული ველოსიპედის ღირებულებას, როგორც ბექა კიკნაველიძე ამბობს, ის საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე Georgian Bicycle Group ველოსიპედებს ტესტ-ლაბორატორიაში ქმნის, უახლოს მომავალში კი კომპანია თბილისში, საკუთარი ქარხნის მოწყობას გეგმავს. საწარმოში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან, მასტერკლასებს კი მათ გერმანელი ინჟინრები და მექანიკოსები ჩაუტარებენ.