ოქროყანაში, ინოვაციების ქუჩა 7-ში საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხნა.
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ აშენდა. ტექნოპარკი ქმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას.
როგორც გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას
„ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები,“- განაცხადეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.
ტექნოლოგიური პარკში თავს მოიყრიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში გაცვლიან ინოვაციურ იდეებს და მოახდენენ ამ იდეების კომერციალიზაციას. ტექნოლოგიური პარკი, ერთი მხრივ, ბიზნესს მისცემს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ნიჭიერ ადამიანებს ხელს შეუწყობს იდეების კომერციალიზაციაში მსოფლიოს უმსხვილეს და ცნობილ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში.
ტექნოლოგიურ პარკი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს.