საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა – კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 177.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აპრილში ეს მაჩვენებელი – 176.9 ლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მაისში 0.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 157.5 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საშუალო ოჯახს, 1.5 ლარით გაიზარდა მისი საარსებო მინიმუმი და მაისში 298.2 ლარი გახდა. მაშინ როცა, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი აპრილში 296,7 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, 2017 წლის მაისის მონაცემთან შედარებით, 7.6 ლარით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.