LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროექტი აჭარიდან იწყება

66
cms-image-000013003-e1505742763895

აჭარის მთავრობასა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც აჭარაში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც ქართული რაგბის მხარდაჭერას გულისხმობს, აჭარაში 6 მოედნის მშენებლობა დაიწყება. ამათგან 3 მოედნის მშენებლობა წელს დაიწყება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველოში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცედენტო პროექტი სწორედ აჭარიდან იწყება.

„ეს არ იქნება მხოლოდ ერთი პროექტი, რომელიც აქ, ქობულეთში განხორციელდება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს დავიწყოთ არანაკლებ სამი ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობა და ჯამში, აჭარას უნდა დაემატოს 6 ახალი რაგბის სტადიონი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ისედაც წარმატებულ მორაგბეებს, მხარი დავუჭიროთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მორაგბეებს მივცეთ საშუალება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო მეტად ასახელონ როგორც მათი გუნდი, მათი მუნიციპალიტეტი, მათი ქალაქი, ასევე ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხორციელდება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი საქმის, რომელსაც თავის დროზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით, ჩაუყარა საფუძველი“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

უწყების ცნობითვე, აჭარის მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა და პირველ ეტაპზე მშენებლობები დაიწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ასევე შუახევის რაიონში სოფელი ფურტიოში, ხოლო უახლოეს მომავალში მშენებლობები ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ მე-18 სკოლის ტერიტორიაზე, გონიოში, ქედასა და ქობულეთის ცენტრში იგეგმება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ქართულ რაგბს მხარდაჭერა გამოუცხადა და 45 სხვადასხვა ლოკაციაზე 100 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g