LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს, ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს: გოცირიძე

76
Untitled design (1)

“საქართველოს, გარდა ჰესებისა, სხვა ალტერნატივა არა აქვს. სხვა ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია. იმ ტყის ფართობი, რაც გაზისა და ენერგეტიკის სექტორის კოლაფსის გამო გაიჩეხა საქართველოში, ყველა ასაშენებელი ჰესის მიერ ჩასაძირ ტყის ფართობს აღემატება.” – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და აცხადებს, რომ საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს!

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ნებისმიერი ჰესი ზემოქმედებს გარემოზე და ყოველთვის მოიძებნება მისი მშენებლობის გაჩერების საბაბი:

“როცა ვამბობთ “გიგანტური ჰესი”, ეს უკვე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდო ლოზუნგია. არაა ჰესი გიგანტური, რომლის წყალსაცავი ჟინვალის წყალსაცავზე ორჯერ ნაკლებია. დიდი ჰესია. ათჯერ ნაკლებიც რომ იყოს, ბუნებაზე ზემოქმედებას ვერ ავიცილებთ. ნებისმიერი ჰესი ზემოქმედებს გარემოზე და ყოველთვის მოიძებნება მისი მშენებლობის გაჩერების საბაბი. ორმოცდაათამდე ჰესის მშენებლობაა გაჩერებული. თუ რატომ მოხდა ეს, ცალკე საუბრის თემა. მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი არაფერში ენდობა და ამის სამართლიანი საფუძველიც აქვს.” – წერს გოცირიძე.

ამასთან, ამბობს, რომ საქართველოს ენერგეტიკა დღეს მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ მზარდი იმპორტის გამო. ენგურზე დენი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამომუშავდება:

“ქარსაფარი ზოლებიც კი განადგურდა, რომლის აღგენა ფინანსურად და ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამის რესურსი რომც იყოს, მრავალი ათეული წელი დასჭირდება.
ეს ერთი, ყველასთვის შეუმჩნეველი მაგალითია, თორემ,თუ რას ნიშნავს ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად იყო დამოკიდებული სხვა, პირველ რიგში ოკუპანტ ქვეყანაზე, ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკა დღეს მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე და არა მხოლოდ მზარდი იმპორტის გამო. ენგურზე დენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამომუშავდება. ნებისმიერ წამს შეუძლია რუსეთს ქვეყნის ჩაბნელება. რატომ არ აკეთებს ამას? არ უღირს. მოუწევს აფხაზეთის მოსახლეობისა და მისი სამხედრო ბაზების მომარაგება რუსეთიდან, თანაც წამგებიანად-ღატაკ აფხაზეთში ვერავინ გადაიხდის დენის საფასურს საბაზრო ფასებში. მრავალი ათეული წელი იქნება სუბსიდირებული. დღეს ამას საქართველო აკეთებს-უფასოდ ვაწვდით დენს, შიდა დისტრიბუციაც ფაქტობრივად უფასოა, სიმბოლური ფასის გადახდაც კი უჭირთ.
რუსეთისათვის აფხაზეთი უფრო პოლიტიკური თავისტკივილია, ვიდრე ეკონომიკური. რომ დასჭირდეს, მისთვის წვეთი ზღვაშია ის ხარჯები, რომლის გაღებაც შეიძლება მოუწიოს.” – ამბობს გოცირიძე.

რომან გოცირიძე რიტორიკულ კითხვასაც სვამს, თუ რატომ ვართ იძულებული, ვიხადოთ სულ უფრო მზარდი ხარკი ნატურით? და აქვე განმარტავს – იმიტომ, რომ ენგურის, მარეგულირებელი სადგურის გარეშე არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკა:

“სულაც ასი პროცენტი რომ წაიღოს აფხაზეთმა( რუსეთმა), მას მაინც ვერ გავაჩერებთ, რადგან, როგორც ითქვა, გარდა დენის მიწოდებისა, მას სხვა ფუნქციაც აკისრია. ამ ვითარების დაძლევას სჭირდება უზარმაზარი ინვესტიციები და პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკის სექტორში.
ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ნიშნავს ტრადიციული ენერგეტიკის განვითარებასაც. მზე ღამით არ ანათებს და ქარიც ყოველთვის ერთნაირად არ უბერავს. თანაც, მის განვითარებას სჭირდება მსყიდველობითუნარიანობის მქონე მოსახლეობა და ბიზნესი, ანუ მშპ-ს იმ დონემდე ზრდა, რომ ძვირი ელექტროენერგიის შეძენა შეგეძლოს. ესეც მრავალი ათეული წლის პერსპექტივაა. ბუნებამ გვიბოძა სიმდიდრე და ახლა ის უნდა მოვიხმაროთ გონივრულად. არ არსებობს საქმის მცოდნე არცერთი ადამიანი ( გარდა იმ გულუბრყვილო მოსაუბრეებისა, რაც ტელეეკრანებიდან გვესმის), რომ ჩვენი რესურსების და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში ( ღატაკები ვართ, ერთ სულზე 4 ათასი დოლარი მშპ-ით) რაიმე სხვა ალტერნატივა დაასაბუთოს.” – აღნიშნულია გოცირიძის პოსტში.

პოლიტიკოსი წერს, რომ არა ჰესებს, ნიშნავს არა საქართველოს მომავალს და ეს სულაც არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას:

“დიახ, გვინდა მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებით აშენებული ენერგოობიექტები, ალტერნატიულებიც, ოღონდ, როცა ევროპაში დენი 20-30 ცენტი ღირს და მხოლოდ კოსოვო და საქართველოა ის ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის ღირებულება მხოლოდ 6 ცენტია ( მოლდოვაშიც კი თითქმის ორჯერ ძვირია), შანსი ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა უკიდურესად რთულია (ამიტომ იძლევა სახელმწიფო გარანტიებს, რაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს). დაბალია ტარიფი, ღატაკია ქვეყანა. როცა შემოსავლები გაგვეზრდება, მაშინ ბევრი გვექნება ქარისა და მზის სადგურებიც ( რაც მაინც ვერ შეცვლის საბაზო სადგურებს) და ინვესტორებსაც არ ექნებათ თავიანთი დაბანდებების დაკარგვის შიში.

სიმდიდრის ცვლილება აზროვნების ცვლილებასაც იწვევსო, ამბობენ ფილოსოფოსები. ერთი ცნობილი მატერიალისტი ფილოსოფოსის აზრით, ქოხში უფრო სხვანაირად აზროვნებენო, ვიდრე სასახლეში. ამის თქმა იმის დასამტკიცებლად სჭირდებოდა, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და არა პირიქით. ვინაა სწორი არავინ იცის-ქათმისა და კვერცხის ამბავია. ეს მუდმივი დავაა მატერიალისტებსა და იდეალისტებს შორის. თუ დიდი ფილოსოფიური პრობლემიდან ჩვენი ბედკრული საქართველოს ყოფით პრობლემებს დავუბრუნდებით, როცა დენი გაქვს, უფრო სხვანაირად აზროვნებ, ვიდრე როცა არა გაქვს. ეს ჩვენს თავზეც გამოვცადეთ ითხმოცდაათიან წლებში.” – წერს გოცირიძე “ფეისბუქში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g