2016 წელს საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა კვლავ აზერბაიჯანი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აზერბაიჯანიდან გასულ წელს 578 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ინვესტიციების მოცულობით მეორე ადგილზეა თურქეთი – 272 მილიონით, სამეულს კი ასრულებს გაერთიანებული სამეფო – 121 მლნ დოლარით. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე ნიდერლანდები (95 მლნ) და ჩეხეთია (93 მლნ).
საქსტატის ცნობითვე, შარშან გაიზარდა კვიპროსიდან ინვესტიციების მოცულობაც, რამაც 38 მლნ შეადგინა. 2013 წლიდან ამ ქვეყანიდან ინვესტიციები არ ჩადებულა, პირიქით გადინება ფიქსირდებოდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, 2016 წელს უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1.645 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5%- ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
ასევე წინასწარი მონაცემებით, 2016 პირველ კვარტალში უცხოეთიდან საქართველოში 388,877 მლნ დოლარი ჩაიდო, მეორე კვარტალში- 457,659 მლნ, მესამეში – 468,526 მლნ, ხოლო მეოთხეში – 330,306 მლნ.