საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.
შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოსთვის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი – 42.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი (41.5 მლნ აშშ დოლარით – 20.6%), ხოლო მესამეზე აშშ (33.7 მლნ აშშ დოლარით – 16.7%).
2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – (39.5 მლნ აშშ დოლარით – 19.6%), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი (38.8 მლნ აშშ დოლარით – 19.3%).