საქართველოში ყველაზე პუპულარული რადიო ,,არ დაიდარდოა”. ამის შესახებ იმ კვლევიდან ხდება ცნობილი, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად ჩაატარა.
გამოკითხვის მიხედვით, რადიო ,,არ დაიდარდოს” სხვადასხვა სიხშირით 27,9% არ უსმენს, ხოლო ყოველდღიურად 26,7% უსმენს. „არ დაიდარდოს“ გარდა, კერძო საერთო მაუწყებლობის რადიოებიდან, სხვებთან შედარებით, მეტი აქტიური მსმენელი ჰყავს „ავტორადიოს“, რომელსაც ყოველდღიურად რადიომსმენელთა 12.3% უსმენს და რადიო „იმედს“, რომელსაც ყოველდღიურად რადიომსმენელთა 11.6% უსმენს.
რაც შეეხება კერძო სპეციალიზირებულ რადიო მაუწყებლებს, მათ შორის, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს სპორტულ რადიო „ჯა-კოს“(ყოველდღიურად მსმენელთაგან უსმენს 0.8%). საერთო ჯამში, კერძო სპეციალიზირებული რადიო არხების მსმენელთა რიცხვი ბევრად მცირეა, ვიდრე კერძო საერთოებისა.
,,მსმენელები რადიო არხების შერჩევის დროს მთავარ კრიტერიუმებად იყენებენ რადიო არხების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხს და რადიო არხების მიერ მოწოდებული მუსიკის შესაბამისობას მათ გემოვნებასთან. რაც შეეხება იმ რესპონდენტებს, რომლებიც არ უსმენენ რადიოს, ამის მიზეზად, ისინი უმეტესად ასახელებენ სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით რადიოს არაპრიორიტეტულობას (50.4%). ამ კატეგორიის რესპონდენტთა მეოთხედზე მეტს (27.9%) შეადგენენ ისინი, ვინც არ ფლობს რადიომიმღებს”, – ნათქვამია კვლევაში.
ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი კვლევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩაატარა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის.