სამედიცინო სექტორში, საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში დასაქმებულ ექიმებს აქვთ. მაქსიმალური ხელფასი აქ 46 505 ლარია, საშუალო ხელფასი კი – 10 642 ლარი. მეორე პოზიციაზე მაღალი ანაზღაურებით ექიმები პათოლოგიური ანატომია- კლინიკურ პათოლოგიაში არიან. აქ მაქსიმალური ანაზღაურება 33 179 ლარია, საშუალო კი – 5 071 ლარი. რაც შეეხება მესამე ადგილოსან ყველაზე მაღალანაზღაურებად ექიმებს, ისინი ონკოქირურგიაში არიან – ამ სფეროში მაქსიმალური ხელფასი 29 675 ლარია, საშუალო კი – 4942 ლარი.
აღნიშნული ციფრების და მონაცემების შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, ჯანდაცვის უწყების მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში, სადაც პროფესიების მიხედვით, ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურების მინიმალური და მაქსიმალური ანაზღაურებაა გაწერილი, რითიც სამედიცინო პროფესიებში არსებული დისბალანსი და უთანაბრობაა ნაჩვენები.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო სხვადასხვა სფეროში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარის განსაზღვრას შეეცდება, რათა ახალ თაობებს სხვადასხვა პროფესიაში შესვლის მოტივაცია გაუჩნდეთ.
„ჩვენ არ ვერევით იმაში თუ რა მაქსიმალური ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს ექიმს, რადგან ექიმს ნამდვილად მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, თუმცა რამდენად დაბალი ანაზღაურება არ შეიძლება ჰქონდეს ექიმს, ეს სამსჯელო თემაა, ვინაიდან ამას დარგის განადგურებისკენ მივყავართ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.