LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოსთვის ხვალ დიდი დღეა! ვიზალიბერალიზაციას მხარს დავუჭერთ”

52

ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა. ამისთვის ორივე მხარემ ვიშრომეთ“,- განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს მადლობა გადაუხადა და დევიდ მაკალისტერს კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

„შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიულ პროცესებზე, რეფორმებზე საქართველოში. მან მოგვილოცა არჩევნების შედეგები და გამოთქვა ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რაც საქართველოში ხორციელდება. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების, შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, მყარი მხარდაჭერა იმ კურსთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებულ რეზოლუციას.ველოდებით ხვალინდელ დღეს. ხვალ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები და ამ მოლოდინს გვიქმნის ის განწყობები, რომლებიც არის ევროპარლამენტში. ეს, როგორც იცით, ხვალინდელი დღე ასრულებს ევროპარლამენტის მონაწილეობას ამ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენ, ფაქტობრივად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლოდ იქნება მიღებული“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

magti 5g