LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმე გვაქვს ან არაპროფესიონალიზმთან, ან გულგრილობასთან – ენერგოომბუდსმენს “ყაზტრანსგაზთან” კითხვები აქვს

vardiashvili

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, თუ „ყაზტრანსგაზ-თბილისის” ორმა წარმომადგენელმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინა, აქ შეიძლება საქმე ორ შემთხვევასთან გვქონდეს – ეს ან არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობაა ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განუცხადა.

“ყაზტრანსგაზმა” ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა, როდესაც უფასოდ სთავაზობდნენ მოსახლეობას შიდა ქსელების შემოწმებას. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ფაქტია, რომ იყო გამოძახება. მივიდა ორი პირი, თუმცა საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. მე მიჩნდება სუბიექტური აზრი, რომ საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან. ეს არის – ან არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა, ან გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება საქმიანობის მიმართ. თუ პროფესიონალი მიდის ადგილზე და გაზის სუნს ვერ გრძნობს, თუმცა ხალხი ამბობს, რომ გრძნობს სუნს, ის ადამიანი ამოწმებს გარე პერიმეტრს და ეჭვი არ უჩნდება, რომ შიგნით რაღაც ხდება და არ აძლევს მოსახლეობას რეკომენდაციას, დატოვონ შენობა, გააღონ ყველა სახლი, თუ ვერ უკავშირდები ყველა სახლის მეპატონეს, მაშინ ავტომატურად უნდა გამორთო კორპუსში შემავალი გაზის ჩამკეტი. კორპუსში ელექტროენერგიაც უნდა გაითიშოს. მე მაქვს შეკითხვები “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლობასთან და ველოდები მათგან ახსნა-განმარტებებს. ასევე დაველოდებით გამოძიების შედეგებს,” – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g