გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ე.წ. “ტოიოტას” მგზავრების სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს უფლებადამცველებმა უნდა მოითხოვონ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნონ მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები და მედიაში გავრცელებული კადრები. საუბარია ფარულ ვიდეოჩანაწერებზე.
“ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ „უდანაშაულო“ ანგელოზები სხედან ციხეში” – ნიკოლაძე საპატიმრო საკნებში გადაღებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე
სხდომის დასრულებას სასამართლოს ეზოში ელოდებიან დაკავებულთა ახლობლები. სასამართლოში იმყოფება ერთ–ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის და, რომელიც აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა, ვინაიდან წაშლილია მისი ძმის “გუგლ მეფის” გადაადგილების ტრაექტორია.
“სრულიად უსაფუძვლოდ ვიმყოფები პატიმრობაში”- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
ის ამბობს, რომ მისი ძმა ნარეკვავის დასახლებაში არა საქმის გასარჩევად, არამედ მის მოსაგვარებლად ჩავიდა.
“გამაგებინეთ, რატომ არ ფიქსირდება 18 და 19 ივნისის ლოკაციები? წაშლილია. ხომ ხედავთ, რომ საქმე “იკერება”? ჩიქოვანს ჩემი ძმა არ იცნობს, ხალხნო.
საქმის გასარჩევად იქ არავინ წასულა, განსაკუთრებით “ქამრის” ბიჭები. მოგვარება სხვა არის და საქმის გარჩევა სხვა. ამათი მზაობა იყო ის, რომ იქ დარჩენილი ბავშვები წამოეყვანათ,“ – აცხადებს არჩილ გაგნიძის და, თიკო გაგნიძე.
დღესვე, გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის დედამაც. მისი თქმით, უწყებამ მისი შვილის სატელეფონო მიმოწერები წაშალა.
დაკავებულების ადვოკატების თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს.
„ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მასალები, რომლითაც გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან არცერთი ბრალდებულის შემხებლობა არ დგინდება. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც მტკიცებულებების გარეშე მოხდა არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობაზე ბრალდება.”– განაცხადა ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
საქმის პროკურორი კი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე ბრალდების მხარის მოწმეების დისკრედიტაციას ცდილობს, რაც მათ არ გამოუვათ.
“ისინი ცდილობენ, რომ ბრალდების მხარის მოწმეების და მტკიცებულებების დისკრედიტაცია მოახდინონ და შეეცადონ, ის მოწმეები, რომლებიც საქმეზე მამხილებელ ინფორმაციას იძლევიან ბრალდებულებზე, ისინი ამორიცხონ. რა თქმა უნდა, ეს მათ არ გამოუვათ იქიდან გამომდინარე, რომ ამ პირების ჩვენებები არის სანდო და შეჯერებული სხვა მრკიცებულებებთან”, -განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.