LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმეზე გამოძიებას შიმშილობა და აქციები არ უნდა სჭირდებოდეს – კონსტანტინე გამსახურდია

186
1554028610-კოკო-გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას არ უნდა სჭირდებოდეს მისი შვილების მხრიდან ძალისხმევა, შიმშილობა და აქციები,– ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 1994 წლიდან მიმდინარეობს.

„საქმე ხან თაროზე იყო შემოდებული და ხან რეალურად მიდიოდა გამოძიების იმიტაცია. იმას, რაც ხდებოდა, ჩვენ გამოძიებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ეს იყო იმის ბრალი, რომ სათანადო პოლიტიკური ნება არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუჩენია 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე. ეს მანკიერი და სამწუხარო პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას არ უნდა სჭირდებოდეს მისი შვილების მხრიდან ძალისხმევა, შიმშილობა და აქციები. მინდა, ისეთი საქართველო ვნახო, სადაც ზვიად გამსახურდია ჯეროვნად შეფასდება“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერეს.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლად არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა – დროშა, გერბი და ჰიმნი აღადგინეს. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნიდან განდევნეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები