LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24 %-ით გაიზარდა

72

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24 %-ით გაიზარდა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

“საქსტატის” ცნობით აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9104 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია;  აქედან ექსპორტი 1512 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (8 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7592 მლნ. აშშ დოლარს (34 %-ით მეტი).  აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5194 მლნ. აშშ დოლარს (3%-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 6080 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1195 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

”2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2554 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 389 მლნ. აშშ დოლარი იყო (17%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2165 მლნ. აშშ დოლარი (17 %ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 %შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 26 % და იმპორტში 29 % (2015 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად 32, 29 და 33%). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29% (2015 წლის იანვარ-სექტემბერში 34%).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 1865 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 8%-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 495 მლნ. აშშ დოლარი (22%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1371 მლნ. აშშ დოლარი იყო (2%-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 20% იყო, მათ შორის ექსპორტში 33 % და იმპორტში 18% (2015 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად, 28, 38 და 25 %). 2016 წლის იანვარ-სექტემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14% (2015 წლის იანვარ-სექტემბერში 19 %)”, – განაცხადეს საქსტატში.

მათივე მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1829 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1140 მლნ. აშშ დოლარი), ირლანდია (621 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (612 მლნ. აშშ დოლარი). მას მოსდევს, ჩინეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, სომხეთი და იტალია.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 243 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16% შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 121 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 120 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8% შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2591 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 34 % შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 412 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5 % იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 338 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 %).

საქსტატში განმარტავენ რომ,  მონაცემები წინასწარია და ექვემდებარება დაზუსტებას ინფორმაციულ წყაროებში და მეთოდოლოგიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში; წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად. 2016 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2017 წლის 15 ივლისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g