LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერი, ბიზნესი და უარის თქმის ხელოვნება

168
სარა-ჯესიკა-პარკერი

სარა ჯესიკა პარკერი თანამედროვე კულტურაში იშვიათი რეპუტაციის მქონეა: მას მომენტალურად ცნობენ, თუმცა მისი საჯაროობა არასდროსაა გადაჭარბებული, რაც თავისთავად გამორჩეული მიღწევაა 2026 წლის კონტექსტში.

ეს ფაქტი იმ მხრივაც არის აღსანიშნი, რომ პარკერი ოთხი ათწლეულის განმავლობაში არა მხოლოდ წარმატებით საქმიანობდა კინოს, ტელევიზიის, თეატრისა და საპროდიუსერო მიმართულებით, ამას ისეთი სტაბილურობითაც ახერხებდა, რომლის მიღწევა, მით უმეტეს შენარჩუნება, მსახიობებს იშვიათად გამოსდით.

ცხადია, ეს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის. ის თავშეკავების შედეგია, რომელიც არაერთხელ გამოვლენილა და ხშირად დარჩენილა საზოგადოების მხედველობის მიღმა. სწორედ ეს გარემოება ხსნის, თუ რატომ აირჩია იგი ახლახან ბრენდმა Tanqueray თავის გლობალურ ელჩად.

პარტნიორობა დაიწყო გლობალური კამპანიით „There’s an N and an O in every ICON (რომელთა შეერთებითაც გამოდის NO), რომელიც 2026 წლის განმავლობაში არაერთ ბაზარზე განხორციელდება. კამპანია ეფუძნება „300 უარის“ იდეას – ეს არის მინიშნება კომპანიის დამფუძნებლის ჩარლზ ტანკერეის მიერ არაერთ უარყოფილ ალკოჰოლურ რეცეპტზე, ვიდრე შეიქმნებოდა London Dry Gin-ის ფორმულა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ბრენდის იდენტობას.

„ჩემთვის თავიდანვე ნათლად გასაგები იყო კონცეფცია – შეიძლება ბევრს ექსპერიმენტირებდე, მაგრამ არასდროს მიდიოდე დათმობაზე. ჩარლზ ტანკერეიმ ასობით ვარიანტი სცადა, თუმცა სტანდარტი უცვლელი დარჩა. ეს ჩემთვის ნაცნობი გამოცდილებაა. ყოველთვის მჯეროდა, რომ თამამად შეგიძლია იკვლიო, კითხვები დასვა და რისკზე წახვიდე, თუ მკაფიოდ იცი, რას არ დათმობ: ხარისხს, პრინციპების ერთგულებას, მიზანს.“

პარკერი საკუთარ კარიერასთან პარალელს სტანდარტების დაწესების კუთხითაც ავლებს: „ჩემს ცხოვრებაში ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „არა“ გამბედაობად არ აღიქმებოდა. იმ მომენტში ისინი, ალბათ, უხერხულადაც კი ჟღერდა. კარიერის დასაწყისში არსებობს ცდუნება, ყველაფერზე „კი“ თქვა, რადგან მადლიერი ხარ ყოველი შესაძლებლობისთვის. თუმცა, ამავდროულად, იმის სწავლასაც იწყებ, როგორ თქვა უარი“.

სწორედ ეს გადაწყვეტილებები ხსნის პარკერის კარიერისა და გავლენის არატიპურ ფორმას. გარდა იმისა, რომ სერიალმა „სექსი დიდ ქალაქში“ იგი ყველაზე ცნობად სატელევიზიო სახედ აქცია, HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფრენჩაიზის ცენტრშიც მოაქცია.

სერიალი ექვსი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა, მის საფუძველზე შეიქმნა ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი და საბოლოოდ პარკერი დაბრუნდა სერიალით „And Just Like That…“, სადაც იგი არა მხოლოდ მთავარ როლს ასრულებდა, არამედ მესამე სეზონიდან აღმასრულებელი პროდიუსერის ამპლუაც მოირგო – ამ ანტრეპრენიორული გადაწყვეტილებით მან პროექტზე გრძელვადიანი შემოქმედებითი და კომერციული გავლენა მოიპოვა.

2005 წელს პარკერმა დააარსა „Pretty Matches Productions“, რითაც კამერის მიღმა საკუთარი პოზიცია ოფიციალურად გაამყარა. მას შემდეგ მისი ბიზნესგადაწყვეტილებები მხოლოდ თანმიმდევრულია: მესაკუთრეობის შენარჩუნება იქ, სადაც ეს შესაძლებელია; გრძელვადიანი ჩართულობა იქ, სადაც ეს არ ხდება და ზოგადი წინააღმდეგობა მისი სახელის ხელაღებით ლიცენზირებაზე.

„იყო მომენტები, როდესაც უფრო სწრაფად მოქმედება ან „კის“ მარტივად თქმა უფრო აქტუალურს დამტოვებდა. მაგრამ ვფიქრობ, გააზრებულმა და ფრთხილმა გადაწყვეტილებებმა დაიცვეს როგორც ნამუშევრები, ისე ჩემი დამოკიდებულება საკუთარ პროფესიონალიზმთან მიმართებით“.

ტელევიზიის მიღმა, იმავე მიდგომას ასახავს პარკერის საინვესტიციო პროექტებიც. 2014 წელს მან დააარსა ფეხსაცმლის ბრენდი SJP Collection და ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული როგორც დიზაინთან, ისე საცალო გაყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ანალოგიურად, ეტაპობრივად, და არა სეზონურ გამოშვებებზე დაფუძნებული სტრატეგიით, განვითარდა მისი სუნამოების ბიზნესი.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ საქმე თანმიმდევრულად უნდა გაკეთდეს, თუნდაც ამას მეტი დრო დასჭირდეს. აუცილებელია სტანდარტი და მისი ერთგულება. ამ უფრო გრძელმა გზამ შემინარჩუნა ცნობისმოყვარეობა, პრინციპები და მხნეობა“, – ამბობს პარკერი.

ბოლო წლებში პარკერი საგამომცემლო საქმიანობაშიც ჩაერთო. 2023 წელს იგი გამომცემლობის „Zando“ დირექტორი გახდა. როდესაც ამ ტიპის შემოქმედებით საქმიანობაზე საუბრობს, მისი ენა უფრო სარედაქციოა, ვიდრე გამომსახველობითი: „ადამიანებს შემოქმედებითი არჩევანი დიდ, გადამწყვეტ მომენტებად წარმოუდგენიათ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის განვლილის მშვიდი გადახედვა და გააზრება. შეგიძლია, მოსინჯო რაღაცები, იცხოვრო მათთან ერთად, შემდეგ კი გაუშვა ის, რასაც დიდად არ ეკუთვნი. ხშირად სწორედ რედაქტირებისადმი მზადყოფნიდან იბადება სიცხადე.“

აზროვნების ეს სტილი განსაკუთრებით რელევანტურია საკვებთან და სასმელთან მიმართებით – ამ სფეროს პარკერი კარგად იცნობს როგორც კულტურული, ისე კომერციული თვალსაზრისით. ოფიციალურ პარტნიორობამდე დიდი ხნით ადრე, მის მიერ განსახიერებული კერი ბრედშოუ დაეხმარა Cosmopolitan-ს ქცეულიყო სიმბოლოდ გარკვეული ტიპის ქალისა, რომელიც გარკვეული სტილით ცხოვრობს. დღემდე ორივე მათგანი საერთაშორისო მასშტაბის მისწრაფებად რჩება.

პარკერი ღიად საუბრობს ამ კატეგორიისადმი საკუთარ კომერციულ ინტერესზე, როგორც Thomas Ashbourne Craft Spirits-ის თანადამფუძნებელი, რომლის პორტფელში დასალევად მზა Cosmopolitan-იც შედის, ასევე როგორც საერთაშორისო დისტრიბუციის მქონე ღვინის საკუთარი ხაზის (Invivo X, SJP) პარტნიორი.

პარკერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს კომერციული პროექტები მისი კარიერის პარალელურად ხორციელდება (და არა მისი დასრულების შემდეგ) – კარიერისა, რომელიც კვლავ მისი პირობებით ვითარდება. „ვაფასებ იმას, რაც უკან დარჩა, თუმცა ცნობისმოყვარეობას ვინარჩუნებ იმისადმი, რაც წინ არის. ვიდრე არსებობს ცნობისმოყვარეობა, არსებობს ბალანსის შეგრძნებაც“.

ამჟამად, მისი თქმით, ყველაზე მეტად იზიდავს ის, რაც გააზრებულად და ხარისხიანად არის შექმნილი. „სწორედ ამიტომ აღმოჩნდა Tanqueray-სთან პარტნიორობა ასეთი მნიშვნელოვანი“, – ამბობს პარკერი – „ასევე მაინტერესებს ამბის თხრობა, საკვები და სასმელი – სფეროები, სადაც შემოქმედებითობა ყოველდღიურ რიტუალებში იჩენს თავს. ამ ეტაპზე კარგი „კი“ ზრუნვასა და მიზანს გულისხმობს. თუ ის არის მრავლისმთქმელი და ოდნავ მოულოდნელი ეფექტის მატარებელი, სრული მზაობა მაქვს იმისა, რა იქნება შემდეგ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g