პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი დღეიდან ამოქმედდება. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, ეტაპობრივად შედის ძალაში.
პირველი მარტიდან იზღუდება აგრესიული SMS მარკეტინგული კამპანია. ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები მხოლოდ იმ პირის თანხმობით ხდება, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.
პირველი ივნისიდან კი ნებისმიერი საჯარო დაწესებულება, ასევე, კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც. სანქციის ოდენობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განსაზღვრავს. ჯარიმის ზედა ზღვარი 20 000 ლარია.