„როდესაც ოლიგარქობაზე გვაქვს საუბარი, მერწმუნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ამ დასკვნის გაკეთებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შეაფასა.
სარჯველაძის მოსაზრებით, ივანიშვილი ოლიგარქი არაა და რადგან ამას ევროპარლამენტარები ამბობენ, არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა.
„მთავარი რაც არის ოლიგარქის ცნებისთვის, რომ ადამიანი ხელისუფლებას იყენებდეს საკუთარი ინტერესებისთვის და ჰქონდეს კონკრეტული გავლენები ხელისუფლებასთან მიმართებაში, ასეთი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
თუ რომელიმე ევროპარლამენტარი მცდარ აზრს იტყვის, იმიტომ რომ ეს ევროპარლამენტარის ნათქვამია, მე არ მიმაჩნია, რომ ეს უდავოდ ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მოთხოვნაა, იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს.