LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 27 იანვარს გაიმართება

collage

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 27 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ინიციატივების, ხედვებისა და პროექტების წარდგენა, რომელიც დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა დაინტერესებულ პირებს აქვთ.

სამუშაო ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ,  უკვე მეორე დღეა “ქართული ოცნება” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოსამართლეების საკითხზე მსჯელობს.

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრას შედეგიანს უწოდებს. დეპუტატი ამბობს, რომ რამდენიმე მთავარ პრინციპზე შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსაწესებელი მოსამართლეების შერჩევა. ქუცნაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

„საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე, ამიტომ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელოს ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, ამით თანასწორობის პრინციპი დაცული იყოს, რომ ყველა მსურველს მიეცეს თავის თავის ნომინირების უფლება და ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება. მეორე სახელმძღვანელო პრინციპი არის ის, რომ სწორედაც იმ კრიტერიუმების და მათ შორის, კეთილსინდისიერების კრიტერიუმების 5-ვე ასპექტის ჭრილში იქნება განხილული საპარლამენტო კომიტეტებში და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მესამე, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ პერსონასთან მიმართებაში,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილი.

“ქართული ოცნების” დეპუატები დღესაც ამბობენ , რომ პარტიიდან ვინმეს წასვლის ან გარიცხვის საკითხი, ამ ორი დღის განამვლობაში არ განხილულა და ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეთა  საკითხზე შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში მიყავს.