LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასამართლოებში ნეპოტიზმი და კრონიზმი სისტემური და მზარდია“ – „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ კვლევა

54
Untitled design (6)

„საქართველოში ჩატარებულმა სასამართლო რეფორმებმა შექმნა პროგრესის ილუზია; ინსტიტუციური და პროცედურული გარანტიები ფასადად იქნა გამოყენებული, რამაც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს სასურველი საკადრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მისცა“, – ამის შესახებ აღნიშნულია კვლევის შედეგებში, რომელიც დღეს „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ წარადგინა.

კვლევა – „ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ფაქტორები სასამართლო სისტემაში“ ეფუძნება სასამართლოს გუშაგის მიერ ჩატარებულ 30 სიღრმისეულ ინტერვიუს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

როგორც „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციამ გაანალიზდა კანონმდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.

შედეგად, კვლევის ფარგლებში მონაწილე რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ:

◼ ნეპოტიზმი და კრონიზმი სასამართლოებში სისტემური და მზარდია;

◼ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეების შერჩევისას არაფორმალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კერძოდ – ამოწმებენ, რამდენად ლოიალური, სანდო, მართვადი და პროგნოზირებადია კანდიდატი;

◼ საბჭოს წევრები „საკუთარ წრეში“ ეძებენ მოსამართლეობის მსურველებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ; სისტემა დახურულია გარე კადრებისთვის, რომლებსაც მფარველები არ ჰყავთ („სასამართლოში ქუჩიდან ვერ მოხვდები.. რეკომენდატორი გჭირდება“);

◼ სასამართლო სისტემაში კარიერული წინსვლა დამოკიდებულია ლოიალურობის დემონსტრირებასა და მფარველის „წონაზე“;

◼ არსებული საკადრო პოლიტიკა მოსამართლეთა მცირე ჯგუფს სისტემის მართვის ბერკეტების მონოპოლიზების საშუალებას აძლევს. დამკვიდრებული პრაქტიკა

უარყოფითად მოქმედებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, ასევე, ზოგადად, მართლმსაჯულების ხარისხსა და ეფექტიანობაზე.

კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია:

  • მმართველი პარტიის მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერა, რომლის ინტერესშიც არის სისტემის მართვადი მოსამართლეებით დაკომპლექტება.
  • მოსამართლეთა დიდი ნაწილის პასიურობა და კონფორმიზმი.
  • სასამართლოში კარიერის მიმართ დაბალი ინტერესი და კონკურენციის ნაკლებობა.
  • დაბალი საზოგადოებრივი ინტერესი ნეპოტიზმისა და კრონიზმის მიმართ.

კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე სასამართლოს გუშაგმა შემდეგი რეკომენდაციები წარადგინა:

◼ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ნათესაური კავშირების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა და მოსამართლეებს სასამართლო სისტემის ფარგლებში
ნათესაური კავშირების საჯაროდ დეკლარირების ვალდებულების დაეკისროთ;

◼ საჭიროა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა რაოდენობრივი თანაფარდობა;

◼ სასურველია სასამართლო სისტემაში კადრების შერჩევის პროცესის მონიტორინგი განხორციელდეს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ;

◼ გატარდეს ზომები იმისათვის, რომ სასამართლო სისტემაში კარიერის მიმართ ინტერესი გაიზარდოს;

◼ გაიზარდოს სასამართლოს აპარატის თანამშრომლების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები