ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.
შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და თავშეყრის ადგილებში ლანძღვა-გინებას გულისხმობს.
ჯიქურაშვილის თქმით, მის მიმართ არსებული დავა შაბლონურია და კავშირი არ აქვს რეალობასთან.
ჯიქურაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – „არა რუსულ კანონს“, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის“ დირექტორთან, ზურა ვარდიაშვილთან ერთად დააკავეს. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, „პუბლიკის“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი იგივე მოსამართლემ 2 200 ლარით გუშინ, 18 აპრილს დააჯარიმა.