საშუალო და დაბალ სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო ”მოქსი” თბილისის ტურისტულ მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ”მარიოტის” სასტუმროების ქსელის ეკონომ სეგმენტის ბრენდის ”მოქსის” სასტუმროს მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ”მოქსი” თბილისის იმ ნაწილში შენდება, სადაც მერიამ პროექტი ”ახალი ტფილისი” წამოიწყო. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის გამზირს, აღდგება ფეხით სასიარულო სივრცე და მოეწყობა მწვანე ქალაქი.
პრემიერის თქმით, აღნიშნული სასტუმრო დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. ”მნიშვნელოვანია ამერიკის სამთავრობო სააგენტო ”ოპიკის” მონაწილეობა ამ პროექტში, რაც ადასტურებს საქართველოს მიმზიდველობას საინვესტიციო კუთხით და, ვფიქრობ, თბილისის ტურისტული მიმზიდველობაც იზრდება. დიდი იმედი მაქვს, ეს უბანი მომავალი წლის ბოლოს იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი სხვა უბანთა შორის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
”ჯი ემ თი ჯგუფის” პრეზიდენტ გიორგი თავაძის თქმით, სასტუმროს მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება და ხელს შეუწყობს ქალაქის მარცხენა სანაპიროს ურბანულ განვითარებას.
”ჯი ემ თი ჯგუფი” სასტუმრო ”მოქსის” ზაარბრიუკენის მოედანზე აშენებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მილიონი აშშ დოლარია.
