LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში შეიარაღებული პირი დააკავეს: „შემოსული იყო შეტყობინება გასროლასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება“

112
დაკავება

სამართალდამცავებმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში შეიარაღებული პირი დააკავეს.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ცოტა ხნის წინ, მედიასთან განაცხადა, გამოძიება მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

„შემოსული იყო სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან შეტყობინება გასროლასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება, გამოვცხადდით ადგილზე, მოხდა ნომერში ღონისძიებების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია.

სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, რომ გაიგეს სავარაუდო გასროლის ხმა. მიმდინარეობს ნომერში, შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 151 მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – თქვა ვაჟა სირაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g