ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც 5 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო, სასტუმროს ადვოკატმა კახა წერეთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ადმინისტრაციის სახელით დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
ადვოკატის განცხადებით, ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს. კახა წერეთლის თქმით, პოლიციამ კამერების ჩანაწერები დაათვალიერა და საქმეზე გამოკითხვები დღესაც გრძელდება.
„გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია, ამბობენ, რომ დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა.. დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს“ – რას ჰყვებიან სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიაზე
„გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია, ამბობენ, რომ დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“
რაც შეეხება უშუალოდ მომხდარ ფაქტს, ადვოკატის ინფორმაციით, აუზის ის მონაკვეთი, სადაც მცირეწლოვანი იყო ჩასული, ბავშვებისთვის განკუთვნილი არ იყო.
„რაც მოხდა უდიდესი ტრაგედიაა და მინდა, ადმინისტრაციის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, გუშინვე მოხდა დროულად ჩანაწერების დათვალიერება. ასევე დაწყებულია გამოკითხვები ჩაქვის პოლიციაში, რაც დღესაც გრძელდება. რაც შეეხება მომხდარს, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, ის, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, დაცულია. თუმცა სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას“, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე დაუყოვნებლივ იყვნენ სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი და მაშველი.
„სამედიცინო პუნქტი ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობს, როგორც არის წესი. შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი ადგილზე იყო და დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. მაშველებიც შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იყვნენ. ვალდებულება, რომ ყველა აუზთან თითო მაშველი იყოს, არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, შესრულებული იყო“, – ამბობს ადვოკატი.