LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სავალალოა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატებისგან ამგვარი გზავნილი ისმის“ – ანდრო გოცირიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა საქართველოს მოქალაქეობა

380
ანდრო გოცირიძე

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს მოქალაქეობის დაკარგვას სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლისას, თუმცა, იმავე კანონში გარკვევით წერია, რომ მუხლი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის სამსახურში შევა.

გარდა ამისა, წმინდა პოლიტიკური ორიენტაციისთვის არსებობს დათქმა, რომ ამგვარი ქმედება არ იკრძალება „კომპეტენტური ორგანოების ნებართვის შემთხვევაში.“ იურისტი არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური ორიენტაციის განმსაზღვრელი აქ მმართველი პარტიის, სახელმწიფოს სურვილია და სავალალოა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატებისგან ამგვარი გზავნილი ისმის“, ამის შესახებ „ფორტუნას“ უსაფრთხოების ექსპერტმა და ანალიტიკოსმა, ანდრო გოცირიძემ განუცხადა.

აღნიშნულით ანალიტიკოსმა უპასუხა „ფორტუნას“ შეკითხვას იმის თაობაზე, რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ, რაკი სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს.

როგორც ანდრო გოცირიძემ გვითხრა, ავტომატურად არაფერი ხდება და აქ მთავარი სახელმწიფოს პოლიტიკური პოზიციაა.

ვის აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება თავიანთი სამშობლოსთვის აქვთ მიძღვნილი? - უკრაინაში მებრძოლი ქართველი „ოცნების“ დეპუტატებს პასუხობს

უკრაინაში მებრძოლი ქართველები „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმიანებიან, რომ „სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას“.

„ამგვარი მუხლები კანონმდელობაში ძირითადად მტრულად განწყობილი ქვეყნების სამხედრო სამსახურში შესვლის პრევენციისთვისაა და შესაბამისი დათქმები სახელმწიფოს ლავირების საშუალებას აძლევს. ზემოაღნიშნული გამონაკლისი რომც არ არსებობდეს (იგულისხმება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის საკუთარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლება), სახელმწიფოს შეუძლია სურვილის შემთხვევაში დაუშვას, როგორც ეს ლიეტუვამ განახორციელა ან პოსტფაქტუმ მოუხსნას პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე საკუთარ მოქალაქეებს, როგორც ეს ჩეხეთის შემთხვევაში მოხდა“.– განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ კანონმდებლობას, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა ხდება:, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში.

ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას და რომ ეს, კანონით არის განსაზღვრული.

„ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

კითხვაზე: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ, იონათამიშვილმა „კანონზე მითითება გააკეთა“.