LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, აფთიაქებში არ ხდებოდა რეალიზაცია“ – ეპილეფსიის პრეპარატთან დაკავშირებით, სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

120
ლ (3)

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა.

„საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, აზარალებს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია, რეგულირების სააგენტოს რეაგირების შემდეგ ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო.

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g