LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს რეგულირების სააგენტომ 36 513 ერთეული უკანონო ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო

87
1

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წელს 36 513 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა.

რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამართალდარღვევა, ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით დაფიქსირდა 34 შემთხვევაში.

საერთო ჯამში, კონფისკაციას დაექვემდებარა 36 513 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი.

როგორც რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე აღნიშნავს, სააგენტოს თანამშრომლები, საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ:

“სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის. ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე იწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი სანქცია 16 000 ლარს შეადგენს.

პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა, პირველ ეტაპზე 6000 ლარს
ითვალისწინებს, განმეორებით კი – 12000 ლარს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგულირების სააგენტო, უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით. სისხლის სამართლის ტიპის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაგზავნა ხდება შესაბამის უწყებებში.” – განაცხადა გუნცაძემ.

სააგებტოს მიერ გავრცელებული ცნობითვე, გარდა აფთიაქებისა, სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც.

იმ შემთხვევაში თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას მას 3 წლით ეზღუდება მუშაობის უფლება და მისი განთავსება ხდება სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში. 2020 წელს, სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში განთავსდა 8 ფარმაცევტი, ხოლო 2021 წელს – 9.

რეგულირების სააგენტოს ნცობითვე, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლი პერმანენტულად ხორციელდება, განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.