საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტი და რეალიზაცია მკაცრდება. შესაბამისი ცვლილება შედის ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,“ რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს უკვე წარედგინა.
როგორც „ფორტუნას“ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა, მთავრობის დადგენილება ერთ ლიტრ ბენზინში და დიზელში ტყვიის და გოგორდის შემცველობის ნორმას, მართალია, არეგულირებს, მაგრამ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა დარღვევებზე რეაგირება მოეხდინა, რადგან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ არ იყო გათვალიწინებული შესაბამისი სანქციები.
„დაგეგმილი ცვლილებებით კანონი მთავრობის დადგენილობასთან შესაბამისობაში მოვა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საწვავის იმპორტიორს ან რეალიზატორს დავსჯით,“- განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია, საქართველოში იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის ხარისხი 2018 წლამდე დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს.
კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტიორი ყველა შემთხვევაზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, საწვავის წარმოებაზე სანქცია 9 ათასი ლარი იქნება, ხოლო შენახვა-რეალიზაციაზე – 2 ათასი ლარი.
როგორც „ფორტუნას“ გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარატმენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა არჩილ ადამიამ განუმარტა, გაკონტროლდება არა მხოლოდ გოგირდის და ტყვიის შემცველობა, არამდე სხვა კომპონენტებიც.
”ეს ის კომპონენტებია, რაც აბინძურებს გარემოს. თავად ნავთობიმპორტიორების ინტერესშია საწვავის ხარისხის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. თვითონ ითხოვენ სანქციის დაწესებასაც, რადგან ფიქრობენ, რომ ამ წესებს წვრილი იმპორტირები არღვევენ. ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ნორმა ამოქმდდება და ჩვენ დავიწყებთ რეაგირებას,” – აღნიშნა ადამიამ.
მთავრობის 2015 წლის დადგენილებით, საავტომობილო ბენზინში ტყვიის შემცველობა ლიტრზე 0.005 გრამს არ უნდა აჭარბებდეს, გოგირდის შემცველობა კი – 50 მგ-ს.