LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საყურე ეკეთა, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია აგრესია“ – თემქაზე, 24 წლის ბიჭს თავს დაესხნენ

208
პოლიცია

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე, 24 წლის ბიჭს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ, 28 ივნისს, მოხდა. როგორც ბიჭის დედა „ნეტგაზეთთან“ ამბობს, მისი შვილი ახლა საავადმყოფოში წევს და თავზე 5 ნაკერი ადევს.

დედის თქმით, მის შვილს თანაუბნელები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ქუჩაში მიდიოდა. მისი თქმით, თავდასხმის მიზეზი შესაძლოა ის გამხდარიყო, რომ შვილს საყურე ეკეთა.

„დასვენების დღე ჰქონდა ჩემს შვილს და მეგობართან მიდიოდა. ხელოვანი ბიჭია, სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, ცოტა განსხვავებული სტილი აქვს. გუშინ ჩვეულებრივად ეცვა ქურთუკი, თეთრი პერანგი, შავი შარვალი და საყურე ეკეთა. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია მათი აგრესია.

თავს დაესხნენ არასრულწლოვნები, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი შვილიც მიუბრუნდა და პასუხი გასცა. თურმე სხვა დროსაც ხვდებოდნენ და რეპლიკებს ეძახდნენ, მაგრამ ჩემი შვილი ყურადღებას არ აქცევდა“, – ამბობს დედა.

თუმცა არ შეუძლია თქმა, იყვნენ თუ არა გუშინდელი თავდამსხმელები ისინი, ვინც მის შვილს მანამდეც ხვდებოდნენ. როგორც დედა ამბობს, შვილმა მხოლოდ ორი თავდამსხმელის გახსენება შეძლო.

„ზუსტად არ ვიცი, რამდენი თავდამსხმელი იყო, მან ორი დაინახა და, როგორც იქ მყოფები ამბობენ, ჯგუფი იყო“, – ამბობს ბიჭის დედა.

დედის თქმით, თავადაც და მისი შვილიც პოლიციამ უკვე დაკითხა.

„გამოძიება დაიწყო და დაკითხვაზე ვიყავი, თვითონ მასთანაც იყვნენ გამომძიებლები კლინიკაში და ველოდები შედეგს. საბედნიეროდ, ტვინის შერყევა არ აქვს, მაგრამ თავზე 5 ნაკერი ადევს და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც არ ექნება კარგი. გუშინ მითხრა, რომ მე თემქაზე აღარ ვიცხოვრებო“, – ამბობს დედა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g