LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყვარელ ბრენდებს მოლში მისვლის გარეშეც შეიძენთ: კოვიდის გავლენა ქართულ შოპინგზე

714
Omni-channel09

კოვიდ 19-მა მსოფლიო ეკონომიკა შეარყია, თუმცა კონკრეტულ ბიზნესებს ის გზა გაუხსნა, რომელიც აქამდე ჩაკეტილი იყო.

ერთ-ერთი ასეთი “ბიზნესი” ონლაინ შოპინგია, რომელიც წლებია უკვე პოპულარობით სარგებლობს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, მაღაზიების დახურვამ, ეს დარგი უფრო საჭიროდ აქცია.

კოვიდის გავლენა შოპინგზე

სავაჭრო ცენტრებს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, უამრავი ხალხი მიაწყდა.

როგორც “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი რეზო მაღალაშვილი “ფორტუნასთან” აცხადებს, გახსნის პირველ კვირას მათ მაღაზიებში გაყიდვები გაიზარდა (წინა წელთან შედარებით). თუმცა, მომდევნო კვირებში, როგორც ელოდნენ, გაყიდვები 30%-ით შემცირდა.

ახლა არსებული ნაკადი ისეთია, რომ ამ ჯგუფში შემავალი ბრენდების მაღაზიებში გასახდელების ფუნქციონირებაც დაიწყო, რადგან პერსონალი მათ დეზინფექციას ასწრებს.

„რითეილ გრუპ ჯორჯია“ აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა : Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho და სხვები…

 

რეზო მაღალაშვილი “ფორტუნასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული ტენდენციების მიხედვით, გაყიდვების შემცირებას ისედაც ელოდნენ, ამიტომ ისინი ონლაინ გაყიდვების უფრო აქტიურად ამუშავებას გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსმა ეს გეგმები დააჩქარა.

“ჩვენი ჯგუფი საუდის არაბეთიდანაა და იქ უკვე გაეშვა ონლაინ პლატფორმა. თანდათან ჩავრთავთ საქართველოსაც. ვფიქრობთ, რომ ივლისში გავუშვათ საერთო საიტი, სადაც მომხმარებელი ქართულ მაღაზიებში არსებული პროდუქტის როგორც დათვალიერებას, ასევე ყიდვას შეძლებს.

პლატფორმაზე ძალიან ბევრი ბრენდი იქნება წარმოდგენილი.

ამის გარდა, მონოგვერდებზეც ვფიქრობთ – ზოგიერთ ბრენდს ექნება თავისი საკუთარი ონლაინ სივრცე. მაგალითად, ზარა ონლაინი იგეგმება უახლოეს პერიოდში რომ ჩაეშვას ვებსივრცეში.

დროებით მარტივი სქემა მოვიფიქრეთ – ტელეგაყიდვებს ვუწოდებთ ამ სქემას, როდესაც მომხმარებელი შედის ესპანურ საიტზე, ნახულობს პროდუქციას, ფასებს, შემდეგ გვიკავშირდება და ჩვენ ქართული საფოსტო მომსახურების მეშვეობით ვაწვდით. თუმცა, ეს დროებითია და ვმუშაობთ სრულყოფილზე.

როდესაც დავასრულებთ მუშაობას, შეძლებთ, რომ ონლაინ შეუკვეთოთ საქართველოს მაღაზიებიდან და მოგიტანონ მითითებულ მისამართზე, ან დაჯავშნოთ და მაღაზიაში მიიღოთ პროდუქტი“, – განმარტავს „რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი.

 

ონლაინ მარკეტი მოლებს ჩაანაცვლებს?

ბოლო წლების მიხედვით მსოფლიოში ტრადიციული შოპინგი იკლებს, ონლაინის ხარჯზე. ასევე, გაჩნდა ახალი ცნება – ომნი ჩანელ იქფერიენსი, რაც შერეულ შოპინგს გულისხმობს. მომხმარებელი არჩევს ონლაინ და ყიდულობს მაღაზიაში. ეს ყველაფერი კი დროს ზოგავს და შოპინგს XXI საუკუნის ადამიანისთვის უფრო მარტივს ხდის.

ამ ტენდენციებს, საქართველო, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ოდნავ ჩამორჩებოდა, თუმცა კოვიდმა განვითარებულ მსოფლიოს “დაგვაწია”.

რეზო მაღალაშვილი ვარაუდობს, რომ მომდევნო ორ წელიწადში ონლაინ გაყიდვები გასამმაგდება.

“ზოგადად, ბოლო წლების ტენდენციაა, რომ ონლაინი იზრდება და ტრადიციული რითეილი მცირდება მთელ მსოფლიოში. საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ცოტა სხვა სიტუაციაა და ონლაინ გაყიდვების ზრდა ძალიან ცოტა იყო. თუმცა, კორონავირუსმა დაგვაწია იმ ტენდენციებს, რომელიც დანარჩენ მსოფლიოშია, სადაც რითეილი იზრდება და ონლაინი მცირდება. ამან დაგვაჩქარებინა ამ მიმართულებით ნაბიჯები. ვფიქრობთ, რომ ტრადიციული რითეილი 20-25%-ით შემცირდება და ონლაინი დაახლოებით გასამმაგდება მომდევნო 2 წლის განმავლობაში,” – ამბობს ის “ფორტუნასთან”.

საბოლოო ჯამში ციფრები დიდად არ შეიცვლება – ტანსაცმელსა და შოპინგზე მოთხოვნა კვლავ იგივე დარჩება, თუმცა შოპოჰოლიკები და რიგითი მომხმარებლები იცვლიან ქცევას. ერთმანეთში გაითქვიფება ონლაინი და ოფლაინი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივად მივიღოთ ის, რაც მოგვწონს.

 

magti 5g