LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზიანოა თუ არა გრიპზე აცრა –  რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციაზე

ნოემბრის დადგომასთან  ერთად, გრიპის საშიშროებაც მოახლოვდა. ვირუსული დაავადებები ნოემბრიდან აქტიურდება და, თითქმის, მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. სეზონური გრიპის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი და უცხოელი ექიმები ვაქცინაციის საჭიროებაზე ერთხმად საუბრობენ, კითხვა – საჭიროა თუ არა გრიპზე აცრა და რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა, წელსაც აქტუალურია.

ქართველი მედიკოსები ვაქცინისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებენ. გამოკითხულთა უმრავლესობას  გართულებების შესახებ ინფორმაცია არ სმენია, მაგრამ  ვაქცინაციისგან თავს იკავებს.

გრიპზე ყოველწლიურად ცრის 7 და 2 წლის ბავშვებს ეკა ნანობაშვილი.მშობელი ამბობს,  რომ სეზონური გრიპი ბავშვს მაინც შეხვდა, თუმცა დაავადება მსუბუქად, სურდოს სახით, გამოვლინდა. 

„ექიმებმა ყოველწლიურად,  წინასწარ იციან, რა ტიპის გრიპი გავრცელდება სეზონზე და შესაბამისი ვაქცინა იქმნება. ამიტომ ვარ დარწმუნებული ვაქცინის ეფექტურობაში. რაც შეეხება რისკებს, 2 წლიდან ვცრი ბავშვს და არც ერთხელ არანაირი გართულება არ მოჰყოლია,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ეკა ნანობაშვილი.

 

ინფორმაცია ვაქცინაზე

მსოფლიოში გრიპის წინააღმდეგ ორი ტიპის ვაქცინა გამოიყენება  – დახოცილი ვაქცინები  და ცოცხალი, შესუსტებული ვაქცინები. დახოცილი ვაქცინები ინექციის სახით შეჰყავთ ორგანიზმში, ხოლო შესუსტებული ვაქცინები ნაზალურად – ცხვირში შესხურებით.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის,  ხათუნა ზახაშვილის, ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ საინექციო ვაქცინა შემოდის. სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინა  VAXIGRIP-ს ფრანგული კომპანია SANOFI  აწარმოებს. 

სახელმწიფოს მიერ კომპანია  SANOFI- ის წარმოების 27 000 ცალი ვაქცინაა შესყიდული. მიმდინარეობს მუშაობა დამატებით 5000 ცალი ვაქცინის შემოტანაზე.

 

 

სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინით უფასოდ ისარგებლებენ:

  • დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე მოზარდები;
  • დიალეზზე მყოფი პირები;
  • ჯანდაცვის სფეროს მომსახურე პერსონალი;
  • ბავშვთა და მოხუცთა სახლების ბინადრები და პერსონალი;
  • ორსულები;
  • აივ ინფექციით დაავადებული პირები.

იმ ადამიანებს, ვინც ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებს არ მიეკუთვნებიან, გრიპის ვაქცინის გაკეთება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში აცრა ფასიანია. ვაქცინაცია ხდება, როგორც ფრანგული “სანოფის”  წარმოებული „ლაქსიგრიპით“, ასევე ჰოლანდიური წარმოების  „ინფლუვაკით“. ვაქცინაციის ღირებულება 20-30 ლარამდე მერყეობს. 

საქართველოში შემოტანილი ფასიანი და უფასო ვაქცინები „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ არის რეკომენდებული და ნებადართული.

 

რისკჯგუფები და გვერდითი მოვლენები

გრიპი მარტივად გადამდებ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, დაემართოს. თუმცა, გართულების შემთხვევაში, განსაკუთრებული  საფრთხის ქვეშ იმყოფებიან:

  • ბავშვები;
  • 65 წელს გადაცილებული ადამიანები;
  • ორსულები –  გრიპმა, შესაძლოა, ნაყოფის განვითარებაზე საზიანოდ იმოქმედოს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აცრა ადამიანს გრიპით ავადობისგან 100% არ იცავს, თუმცა, 60%-მდე ამცირებს ინფექციის გადადების რისკს და, თითქმის, მინიმუმამდე დაჰყავს შესაძლო გართულებები.

რაც შეეხება ვაქცინაციის გვერდით მოვლენებს,  „დაავადებათა კონტროლის ცენტრში“ ამბობენ,  რომ გრიპზე ვაქცინაცია უსაფრთხოა.

„ვაქცინა „ლაქსიგრიპი“  აბსოლუტურად უსაფრთხოა,  არ ახლავს მძიმე გვერდითი მოვლენები. ვაქცინაცია მხოლოდ მწვავე დაავადებების დროს  არ არის რეკომენდებული. გრიპზე ვაქცინაციას  ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ტიპის ვაქცინას, შეიძლება, მოჰყვეს სუსტი გვერდითი მოვლენები – ნაჩხვლეტი ადგილის შეწითლება, შესიება,“ – ამბობს  „ფორტუნასთან“ ხათუნა ზახაშვილი

ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები აცრიდან 24 საათში შიძლება, გამოვლინდეს და გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებდეს. გრიპისგან განსხვავებით,  სიმპტომები მსუბუქია და  სწრაფად ქრება.

იქედან გამომდინარე, რომ ვირუსის შტამები ყოველწლიურად ცვალებადია,  გრიპის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ ერთ სეზონზე მოქმედებს.

მედიკოსების რეკომენდაციით, აცრისთვის საუკეთესო პერიოდი სწორედ ახლა –  ნოემბრის შუა რიცხვებამდეა. ვირუსული დაავადებები ნოემბრიდან აქტიურდება და, თითქმის, მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ამიტომ სასურველია, თუ ორგანიზმის იმუნიტეტი დაავადებას მომზადებული შეხვდება.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g