საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, ეროვნული კინოცენტრი მხარდაჭერას უცხადებს როგორც ფილმის შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრის მესვეურებს და მოუწოდებს, ყველა ადამიანს თავი შეიკავონ ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან.
” საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია, შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია. ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება.
ვინც ამ ფილმის სანახავად წავა, მის თვისებებს შეიძენს - სასულიერო პირები ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვებთ"
ადამიანი, რომელიც მამათმავლობისადმი თანაგრძნობას გამოხატავს, ჯოჯოხეთში მოხვდება
ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი… ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს” – აღნიშნულია განცხადებაში.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს შედგება. გარკვეული ჯგუფები კინოთეატრებთან შეკრებას გეგმავენ. იყო ძალადოპრივი მოწოდებებიც.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა.