LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოებამ თვითონ ნახოს, ვინ არის დამნაშავე“ – გახდება თუ არა კალანდიას საქმეზე სასამართლო სხდომა საჯარო

313

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ.

როგორც კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია აცხადებს, საზოგადოებამ უნდა ნახოს, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას.

„გასულ სხდომაზე აღკვეთი არ შეუცვალეს, არც ველოდებოდით შეცვლას, ისედაც უდანაშაულოდ არის დაჭერილი. ისე არ გააკეთებენ, გარეთ გამოუშვან. ამ თამაშში არ ჩაებმებიან, რაც გადაწყვიტეს, ბოლომდე უნდათ იმის გაკეთება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, პროცესები გავხსნათ, დღეს ვაყენებთ შუამდგომლობას იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესები ღია იყოს და საზოგადოებამ თვითონ ნახოს, ვინ არის დამნაშავე. საზოგადოებამ უნდა მოისმინოს თითოეული მოწმის ჩვენება და ნახოს რა მტკიცებულებები აქვს ბრალდებას, დახურულ კარს მიღმა არაფერი იქნება და ყველას შეეძლება თვითონ დარწმუნდეს, ვინაა დამნაშავე და ვინ – უდანაშაულო”, – განაცხადა კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო სხდომები ნაწილობრივ საჯარო გახდება. აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დღეს დააყენა, გადაწყვეტილება კი, მომდევნო პროცესზე გახდება ცნობილი.

ადვოკატის და ოჯახის პოზიციის მიხედვით, სხდომები ნაწილობრივ საჯარო უნდა გახდეს, კერძოდ როდესაც არ მოხდება არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიხეილ კალანდიას სურვილია, რომ სხდომები გაიხსნას. ეს შუამდგომლობა განიხილა მოსამართლემ და შემდეგ სხდომაზე იქნება პასუხი. სასამართლოს აქვს მზაობა, რომ ნაწილობრივ იყო საჯარო. საჯარო უნდა იყოს იმ ნაწილში, როდესაც არ ხდება არასრულწლოვნის დაკითხვა“, – განაცხადა კოტეტიშვილმა.

მომდევნო სხდომა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g