LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გასხვისების საკითხი არ განიხილება

91

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტებას აკეთებს.

უწყება განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გასხვისების საკითხი არ განიხილება.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათივე მოთხოვნიდან და შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ახალი ფართის გამოყოფა შესთავაზა. თუმცა, აქვე განმარტებულია, რომ მაუწყებელმა ამაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა იმავე ტერიტორიაზე ახალი შენობა საკუთარი ხარჯებით აეშენებინა.

10 წელიწადში მაუწყებლისთვის 410 მილიონი ლარი გამოიყო. შენობა დღეისთვის ასე გამოიყურება.

 

„ფორტუნა“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის ნოემბერში სააგენტოში წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი (15464/12;  30.11.2016), რომელსაც დანართის სახით ახლდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

წერილში აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობა არის საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული ნაწილი, რის გამოც ახალი „ნიუსრუმის“ მშენებლობისთვის ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, (ე.წ. მესამე კორპუსში) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა. მათი განცხადებით, მესამე კორპუსი არის აბსოლუტურად მყარი და მისრემონტს გაცილებით ნაკლები სახსრები დასჭირდება, ვიდრე ახალი შენობის აშენებას სხვაგან. მათივე ინფორმაციით,  ასევე გაცილებით მოკლე ვადაშია შესაძლებელიშენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ დროისთვის კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

10 წელიწადში მაუწყებლისთვის 410 მილიონი ლარი გამოიყო. მაუწყებლის შენობა კი დღეისთვის ასე გამოიყურება.

 

ბოლო რამდენიმე წელია, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი ტერიტორიით ინვესტორია დაინტერესებული და ტელევიზიის ოფისი სხვაგან გადააქვთ. ბოლოს ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მაუწყებელზე რეორგანიზაცია დაიწყო.