LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სელფების“ აკვიატებულად გადაღება ფსიქიკური აშლილობის სიმპტომია

373

ჩვენი პროტესტის მიუხედავად, ვერ უარვყოფთ, რომ ყველას ძალიან გვიყვარს კარგი „სელფის“ გადაღება. ვერ ვმალავთ ჩვენს გამოცდილებებს, მოგზაურობებსა და ურთიერთობებს ისე, რომ სოციალურ მედიაში არ გავაშუქოთ. ხშირად ოჯახის წევრებთან ურთიერთობებსაც ღიად ვასაჯაროვებთ, საზოგადოებას ჩვენი „სელფების კასკადებით“ ვკვებავთ და იმის აფიშირებასაც „სელფით“ ვახდენთ, რომ ვიყავით ტაჯ მაჰალიზე, ეიფელის კოშკთან. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ხშირად „სელფი“ რეალობისგან ძალიან შორსაა და ყოველდღიურობას ხელოვნური, სუბიექტური და მხოლოდ ლამაზი კუთხით აჩვენებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს.

გამოცემის ცნობით, მეცნიერები თანხმდებიან, რომ „სელფის“ გადაღება მხოლოდ ჩვეულებრივი აკვიატება არ არის, საქმე უფრო რთულ და კომპლექსურ საკითხთან გვაქვს – „სელფი“ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომად დასახელდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო არა ერთი კვლევის ჩატარება და შესაბამისად, „სელფისტები“ მკვლევარებმა „ნამდვილად ფსიქიკურად შეშლილთა“ კლასიფიკაციაში მოაქციეს.

 

 

ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტისა და თიაგარაარის მენეჯმენტის სკოლის მკვლევარებმა „სელფისტების“ თვითშეფასების და ფსიქიკური მდგომარეობის სიმძიმის გამოსაკვლევად, ჩაატარეს ცდა და გამოყვეს სამი სახეობის ფსიქიკური აშლილობა: „სასაზღვრო მდგომარეობა“, „მწვავე ზღვარი“ და „ქრონიკული სინდრომი“.

  • „სასაზღვრო მდგომარეობაში“ მყოფი სელფისტები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეში მინიმუმ სამ „სელფის“ იღებენ, მაგრამ სოციალურ მედიაში განთავსებისგან თავს იკავებენ.
  • „მწვავე ზღვარზე“ მყოფი ადამიანები არიან ისინი, ვინც დღეში სამ სელფის იღებენ და სოციალურ მედიაში ათავსებენ.
  • თუკი ადამიანი სელფის „ქრონიკული სინდრომითაა“ ავად, ისინი „სელფებს“ უკონტროლო რაოდენობით იღებენ და დღეში 6-ჯერ მაინც ათავსებენ სოციალურ ქსელში.

კვლევაში ჩართული იყო ორი ფოკუს ჯგუფი 200 მონაწილით. კვლევის შესახებ საბოლოო დასკვნა ეკუთვნის დოქტორ მარკ გრიფიტს, ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტიდან.

„ეს კვლევა ცხადყოფს სელფისტების ფსიქიატრიული ანალიზის შედეგებს და სხვა მკვლევარებს საკითხის შესასწავლად ძალიან კარგ ბექგრაუნდს უქმნის იმისთვის, რომ კონცეპცია განსხვავებულ კონტექსტში უფრო საფუძვლიანად გამოიკვლიონ. ზოგადად, „სელფის“ გადაღების კონცეპციამ დროთა განმავლობაში შესაძლოა, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური მიღწევების განვითარებას. ის ექვსი მაიდენტიფიცირებელი ფაქტორი კი, რაც ახლა გამოიკვეთა და რომელიც ჩნდება სელფისტთა ე.წ. „სასაზღვრო მდგომარეობაში“, ანუ ფსიქიკური აშლის საწყის ეტაპზე, სამომავლო კვლევაში იქნება სასარგებლო ადამიანებისა და კომპიუტერების, ელექტრონული მოწყობილობების ურთიერთქმედების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა დოქტორმა მარკ გრიფიტმა.

ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც „სელფის დაავადებით“ იტანჯებიან, ყურადღების მაძიებლები არიან და თვითშეფასება აკლიათ. ასეთი ადამიანები თავდასხმის პრინციპით იყენებენ სოციალურ მედიას, საკუთარი სურათების გაზიარებას, რათა საზოგადოებაში აიმაღლონ თვითშეფასება და სოციალური სტატუსი. მსგავსი ქმედებით ადამიანები ცდილობენ, ჩანდნენ ისე, თითქოს ისინი ფართო საზოგადოების ნაწილი არიან.

დოქტორ მარკ გრიფიტი ასევე ამბობს, რომ ინტერნეტ დამოკიდებულების მსგავსად, „სელფის“ გადაღების აკვიატებაზე ხუმრობა საფუძველს მოკლებულია, რადგან ახლანდელი კვლევები ემპირიულად ამოწმებს „სელფდამოკიდებულებისგან“ გამოწვეულ საგანგაშო ფსიქიატრიულ პრობლემებს.

კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს კვლევა ბევრ ადამიანს დააფიქრებს გადაღებული „სელფების“ რაოდენობაზე.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g