სენაკში მამაკაცს ქარისგან გადახდილი სახურავის ნაწილი დაეცა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
განსაკუთრებული ზიანი სტიქიამ აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინფორმაციით, ქარმა აბაშის პირველ საჯარო სკოლას და სოფელ მადანში საბავშვო ბაღს სახურავები გადახადა. ასევე წააქცია ხეები.
საცხოვრებელ კორპუსსა და სახლს გადახადა სახურავი ქარმა ხობსა და ჭალადიდშიც. ანაკლიის გამგებლის გელა ლემონჯავას ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები, ხოლო სანაპიროდან ქვიშა საცხოვრებელ სახლებში იყრება, რის შედეგადაც მოსახლეობას გარეთ გამოსვლა უჭირს. მისივე ინფორმაციით, ქარმა სახურავი ახადა განმუხურის ამფითეატრს.
სამეგრელოს თითოეულ მუნიციპალიტეტში სტიქიასთან დაკავშირებით, სპეციალური მობილური ჯგუფები მუშაობენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, კომპანია სამეგრელოში უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად ამ წუთებშიც მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 57 შეტყობინება მიიღეს.