მიმდინარე წლის სექტემბრიდან, დედაქალაქს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, 11-დან ცხრა შენობაში ახალი ბაგა-ბაღი განთავსდება, ხოლო ორი გაფართოვდება და აქამდე არსებულ ბაგა-ბაღებს კორპუსების სახით შეემატება. ახალი შენობების გახსნით, სკოლამდელი განათლების მიღებას დამატებით 3000-მდე აღსაზრდელი შეძლებს.
ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პრობლემები არსებობს.
„ბაღების მიმართულებით შენობა-ნაგებობებზე და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პრობლემები არსებობს. ჩვენ ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია და ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. რამდენიმე ბაღში, როდესაც ექსპერტიზა ჩატარდა, სწავლა შეჩერდა, რათა ყველანაირი პრობლემა თავიდან იყოს აცილებული. შესაბამისად, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. დაიწყება 12 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ასევე, გვაქვს კონკრეტული ბაღები, რომელსაც დემონტაჟი სჭირდება და პროექტები თავიდან უნდა განხორციელდეს. ეს სამუშაოებიც წელს დაიწყება. რა თქმა უნდა, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბავშვებმა სკოლამდელი განათლება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უნდა მიიღონ, რისთვისაც თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს.