რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე სტუმრობდა, რომელმაც ბავშვთა ჯანმრთელობაზე, სეზონურ ინფექციებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე ისაუბრა.
– ბატონო ივანე, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ მშობლები ბავშვებს ზაფხულის სეზონზე?
– მართალია, სეზონური გრიპი და რესპირაციული ვირუსული ინფექციები შემოდგომის ბოლოს, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მწვავდება, მაგრამ წელს განსაკუთრებული წელია, რადგან გრიპის შემთხვევები ივლისის თვეშიც მასიურად ფიქსირდება. ჩვეულებრივ, გრიპის სეზონი მარტის ბოლოს, უკიდურეს შემთხვევაში აპრილის თვეში სრულდება, თუმცა წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჯერ მაისში მოუწია განცხადების გაკეთება რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონის უჩვეულოდ გაგრძელების შესახებ, მერე ივნისში და სამწუხაროდ, იმავეს ამბობს ივლისის თვეშიც. მსგავსი შემთხვევა 2023 წელს, კორონა-ვირუსის პანდემიის დასრულებისას გვქონდა, თუმცა მაშინ ამგვარ მოვლენას ლოგიკური ახსნა ჰქონდა, რადგან შეზღუდვების გაუქმებამ სხვადასხვა ტიპის ვირუსების გავრცელებას შეუწყო ხელი.
ანალოგიური სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით, მსგავსი პრობლემა აქვს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თითქმის ყველა ქვეყანას. მეტიც, ზოგიერთ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყანაში ბოლო სამი კვირის მანძილზე ერთი-ორად გაიზარდა კორონა-ვირუსის შემთხვევები, ამიტომ, არც ჩვენ უნდა გაგვიკვირდეს მსგავსი შემთხვევების მატება, რომელმაც ამ კვირაში 17%-ს მიაღწია.
– საინტერესოა, რამდენად მძიმე ფორმით ვითარდება კორონა-ვირუსი ამ ზაფხულს?
– საბედნიეროდ, ახალი მუტაცია, რომელიც ზაფხულის სეზონზე ცირკულირებს, ბევრად მსუბუქი ფორმით ვითარდება, ამიტომ არ წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის. ვირუსის შემთხვევების მატება არ ნიშნავს კლინიკებში მიმართვიანობის, დაავადების დამძიმების ან გარდაცვალების შემთხვევების მატებას. მართალია, ბევრისთვის კორონა-ვირუსი წლების წინ არსებულ მძიმე დაავადებასთან ასოცირდება, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მუტაციის შემდეგ ვირუსი ბევრად მსუბუქი და ნაკლებ სახიფათოა.
მედიკოსებისთვის კორონა-ვირუსი 2020 წლამდეც კარგად იყო ცნობილი. მაგალითად, 2019 წელს ის ჩვეულებრივი, მარტივად მართული რესპირაციული ინფექცია იყო და მხოლოდ 2020 წელს დამძიმდა. საბედნიეროდ, დღეს ისევ 2019 წლის მდგომარეობას ვუბრუნდებით, როცა ვირუსი ცხვირიდან გამონადენს, ცემინებას და მსუბუქ ყელის ტკივილს ნიშნავს მეტწილად ტემპერატურის გარეშე და ძალიან იშვიათად ყნოსვისა და გემოს დაკარგვით. ბევრად საყურადღებოა გრიპის შემთხვევები, ამიტომ სწორედ მასზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ოქტომბერ-ნოემბერში აუცილებელი იქნება პრევენციული ღონისძიებების ჩატარება და ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება, რადგან გრიპი ყოველთვის ხასიათდებოდა გართულებებით, თუმცა, გრიპის პრევენციისა და მკურნალობის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს, რომელიც ათწლეულების მანძილზე დავაგროვეთ.
– რამდენად ხშირია ტრადიციული სეზონური ინფექციების, მათ შორის კვებითი ინტოქსიკაციების შემთხვევები?
– წლევანდელ ზაფხულს მთავარ რისკებს ისევ კვებითი ტოქსიკო-ინფექციების, მზის, სითბოს ზემოქმედება და გაუწყლოება წარმოადგენს. ზაფხულში განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის, პირველ რიგში რძის ნაწარმის და ქათმის ხორცის სწორად შენახვასა და მომზადებას, რათა თავიდან ავიცილოთ სალმონელა. მაგალითად, მალფუჭებადი პროდუქტი მაცივრიდან გამოღების შემდეგ ნახევარ საათში უვარგისი ხდება და სერიოზული ზიანს აყენებს ნებისმიერს, განსაკუთრებით ბავშვებს.
– სად ურჩევთ მშობლებს ზაფხულის სეზონზე დასვენებას და რა უნდა გაითვალისწინონ ბავშვების მზის მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად?
– საქართველო მართლაც ბრწყინვალე ქვეყანაა, რომელიც ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოდ და კომფორტულად დასვენების უზარმაზარ არჩევანს იძლევა. ზღვის კურორტები – მზის აბაზანების, ზომიერი ფიზიკური დატვირთვის – ცურვის ან სხვა სპორტული აქტივობების წყალობითაა სასარგებლოა, თუმცა უფრო მოზარდებისთვისაა რეკომენდირებული, რადგან, მზეც და რუჯიც ნებისმიერი ასაკის ბავშვზე, განსაკუთრებით კი, 1 წლამდე პატარების ჯანმრთელობაზე აისახება ნეგატიურად. ძალიან მძიმეა კანის დამწვრობა, ამიტომ ბავშვი აუცილებლად დაცული უნდა იყოს სპეციალური საცხით, რომელიც მშობელმა 2 საათში ერთხელ უნდა წაუსვას, გასათვალისწინებელია წყლის რეჟიმიც, რათა თავიდან ავიცილოთ გაუწყლოება, ულტრაიისფერ სხივებისგან თვალების დაცვა კი, სათვალით და ქუდით შეიძლება.
– ზაფხულის სეზონზე აქტუალურ თემად იქცევა მწერების ნაკბენებიც. როგორ დავიცვათ ბავშვი მწერებისგან და როგორ მოვიქცეთ კბენის შემთხვევაში?
– უამრავი მალამო და საცხი არსებობს, მწერებისგან დასაცავად, სასიკეთოა ბადის გამოყენებაც ღამით, როცა ბავშვს სძინავს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რამდენად ალერგიულია ბავშვი და როგორ რეაგირებს მისი ორგანიზმი ფუტკრისა და კრაზანას ნაკბენზე. ალერგიული ბავშვების მშობლებმა აუცილებლად უნდა მოარიდონ პატარები მწერებს, კბენის შემთხვევაში კი, დრო არ დაკარგონ და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
– რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესს ადრეულ ასაკშივე შეჩვევა?
– რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, მაგალითი ბავშვს პირველ რიგში მშობელმა უნდა მისცეს, რადგან სხვაგვარად არანაირ რჩევას და რეკომენდაციას აზრი არ აქვს. სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვებს დაბალანსებული კვებაც აკლიათ და ფიზიკური აქტივობაც, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი შემადგენელია.