LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სფფ-ის 26-ე ყრილობა: მიღწევები და პროექტები

110

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობა სასტუმრო ჰუალინგის ცენტრალურ დარბაზში შედგა.

ლევან კობიაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ლეგენდარული ფეხბურთელები – სლავა მეტრეველი და დავით ყიფიანი გაიხსენა. ყრილობის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც წინა ყრილობიდან დღემდე გამოაკლდნენ საფეხბურთო სამყაროს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში იმ მიღწევებსა და პროექტებზე ისაუბრა, რაც ფედერაციაში ახალი გუნდის მოსვლის დღიდან განხორციელდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კომერციული სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორს – VTB-ს, კოკა-კოლას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ფედერაციასთან ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ახალ პარტნიორს – ჰოტელს ენდ პრეფერენსის ჰუალინგ თბილისი.

მოხსენებაში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ქვეყანაში მასობრივი ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობა. მან მოკლედ მიმოიხილა ის პროექტები, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდისთვის უკვე დაიწყო, მათ შორისაა: მოყვარულთა ლიგა, კოკა-კოლას თასი 2016, რეგიონთა თასი, რომლის ფარგლებში ქვეყნის ყველა რეგიონში 13 წლამდე ბავშვთა რეგიონული ნაკრებები შეიქმნა. ეს პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლევან კობიაშვილი ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქალთა ფეხბურთის რეგულარული ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის 26 აპრილს დაიწყო.

მან ასევე ისაუბრა ფუტსალის ჩემპიონატზე, რომელიც წარმატებულად ჩატარდა ფუტსალში დიდი გამოცდილების მქონე სააგენტო SBM-თან ერთად.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ სიახლეს, რომელიც მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩების მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებას გულისხმობს. წელს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალს, არსებობის ისტორიაში პირველად, ქუთაისმა უმასპინძლა.

მოხსენების ერთ-ერთი თემა იყო ჩემპიონატის ახალი ფორმატიც, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენა და სიახლე იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა მათ, ვინც აგვისტოშისაქართველოს ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაებმება და ასევე თითოეულ იმ კლუბს, რომელიც სხვადასხვა ლიგაში ასპარეზობს და შესაბამისი მიზნებისათვის იბრძოლებს.

ლევან კობიაშვილმა ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის შექმნის თაობაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეს სამსახური აქტიურად უწევს მონიტორინგს ყველა იმ საფეხბურთო მატჩს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება.

მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა საფეხბურთო-საგანმანათლებლო პროექტებიც იყო. ლევან კობიაშვილმა მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის პროცესის დასრულების მნიშვნელობა აღნიშნა. პირველად, საქართველოში გაიცა უეფას პრო-ლიცენზია. პრეზიდენტმა მწვრთნელებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საგანმანათლებლო პროექტების ჭრილში მან ასევე ისაუბრა უეფას პროექტზე – სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და მსმენელებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო კურსი ქართულ ენაზე გაიარონ.

ყრილობაზე კენჭი უყარეს ფეხბურთის ფედერაციის ხუთ სუბიექტს. ღია კენჭისყრით გადაწყდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრები აღარ იქნებიან: საფეხბურთო სკოლების ასოციაცია, საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგა, საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ბიჩ სოკერის ასოციაცია და ს.კ. რუსთავის “მეტალურგი”.
სფფ-ს წესდებაში ცვლილება განხორციელდა, კერძოდ, სფფ-ს წესდების 71-ე მუხლში. ცვლილება გულისხმობს, რომ საკლუბო ლიცენზირება უმაღლესი ლიგის გარდა სხვა ლიგებსაც შეეხება.

დღის წესრიგის შესაბამისად ყრილობამ დაამტკიცა 2015 წლის ფინანსური ანგარიში და 2016 წლის ბიუჯეტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყრილობაზე ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა შვიდი ადამიანი. წელს პრეზიდენტისგან ჯილდო მიიღეს ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომან ფიფიამ, ბესიკ ჩიხრაძემ, გურამ რუხაძემ, ილია კოკაიამ, ფრიდონ ინჯიამ და ლექსო თოფურიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g