„ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. პაპუაშვილის განმარტებით, ანგარიშში განსაკუთრებით შექებულია საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“. მისივე თქმით ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობამ ენერგიული სადამკვირვებლო გარემო შექმნა:
ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს
„მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა ამ არჩევნების სამართლიანობაზე“
„მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო ანგარიში იმეორებს ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“. ხაზგასმულია, რომ კამპანია მიდიოდა მშვიდ გარემოში, ხოლო „ძალადობის იზოლირებული შემთხვევების“ შესახებ ინფორმაცია მიიღეს როგორც მმართველი პარტიისგან, ისე ოპოზიციისგან.
ანგარიშში განსაკუთრებით შექებულია საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“. ცესკომ ეუთო-ს შექება დაიმსახურა არჩევნების შედეგების დროული გამოქვეყნებისათვისაც, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ – ამომრჩეველთა ერთიანი სიის ეფექტურად შედგენისათვის. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად, ხოლო ყველა 73-ვე საარჩევნო ოლქში „საარჩევნო დოკუმენტაციის“ დამუშავება დადებითად იქნა შეფასებული. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობამ ენერგიული სადამკვირვებლო გარემო შექმნა. ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო დამკვირვებლებად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც, როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა, ეთმობა საქართველოში შექმნილ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და მედია-საშუალებების პოლიტიკურ მიკერძოებულობას“:
„დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა“ – ნონა ქურდოვანიძე ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშზე
ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ანგარიშის მიხედვით, ეუთო-ს შეშფოთებას იწვევს ტელევიზიების დაქვემდებარება პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე. ეუთო ხაზს უსვამს, რომ არჩევნების განმავლობაში ხდებოდა კომერციული ტელევიზიების გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდისათვის, რამაც დააზიანა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გააძლიერა დამაპირისპირებელი პოლიტიკური რიტორიკა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოპოზიციამ თავი აარიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში მონაწილეობას. მისასალმებელია, რომ განსხვავებით სხვა დამკვირვებლებისგან, ეუთო/ოდირის ანგარიშში აისახა ჩვენს მიერ წამოჭრილი პრობლემა, როდესაც ოპოზიციის კუთვნილმა სამმა ტელევიზიამ კანონის დარღვევით არ მოგვცა მათ მედიაში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის საშუალება და ჯამში ხუთ საათზე მეტი უფასო სარეკლამო დრო წაგვართვა. სამომავლოდ ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ეუთო/ოდირი გვთავაზობს, რომ შესაბამის მედიას დაკარგული სარეკლამო დროის თანხით კომპენსირება დაეკისროს.
მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც, როგორც ანგარიშში წერია, „აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც, პოტენციურად, გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატიდან“. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ დარღვევაზე საჯაროდ მივუთითებდით, თუმცა ეუთო/ოდირის გარდა, არცერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეს ფაქტი საკუთარ ანგარიშში არ ასახა. ანგარიშში ასევე მოხვდა ISFED-ის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე. შეგახსენებთ, რომ ამან ნიადაგი შეუქმნა ამობეჭდილ და ატვირთულ ოქმებს შორის სხვაობის შესახებ ცრუ ნარატივების გაგრძელებას. ჩვენ დღემდე ველოდებით ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას, მაგრამ უშედეგოდ. შეგახსენებთ, რომ არც ეს ფაქტი მოხვდა სხვა დამკვირვებლების ანგარიშში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, „რასაკვირველია, როგორც ეუთო/ოდირის ყველა სხვა ანგარიში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში, ის შეიცავს კრიტიკულ ასპექტებს და რეკომენდაციებს, რომლებზეც აუცილებლად გვექნება სათანადო რეაგირება“:
„რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე ორი თვეა არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ. ამიტომ, მინდა წარმოგიდგინოთ ეუთო/ოდირის მიერ მხილებული ის ხუთი მთავარი ტყუილი, რომელზე რადიკალებმა საკუთარი რევოლუციური სცენარი ააგეს.
1.პირველი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან, საზღვარგარეთ გაუხსნელი უბნები – სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ უცხოელებთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე, მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომდა შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას;
2. 300 000 გაყალბებული ხმა – ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. „საარჩევნო კარუსელს“ ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში, გაბათილდა კიდევ ერთი ყალბი ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკოს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთ დადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და ამ მითური 300 000 ხმის მიწერა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტესთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ არსებობს;
3. ერთი პირადობით 17-ჯერ მიცემული ხმა – სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოსდა რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც;
4. რუსული სპეცოპერაცია – განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოსდა რუსეთის ჩარევის შესახებ. ეუთო/ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით და ამით საბოლოდ წერტილი დაუსვა იმ ტყუილს, რომელსაც ქალბატონი სალომე ავრცელებდა;
5. გაჟონილი მარკირება – დაბოლოს, ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, ენჯეოები და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: იყო საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა; ხაზს ვუსვამ, რომელსაც მხოლოდ „პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა“ და არა „რომლითაც ფარულობა დაირღვა“. ამასთან ეუთო/ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია: თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ა.შ. ასე, რომ მითი ბიულეტენის მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა.
ასე, ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეობის“, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემაგულიანებლების 5 მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას საარჩევნო უბნებზე ჯამში 24 000 კომისიის წევრი ჰყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედენტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის – 25 000 – ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო, შედეგად კი სულ 1200 საჩივარი დაიწერა, მაშინ როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2000-ზე მეტი იყო. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობა, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3111 უბანზე ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიშში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთო/ოდირმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა.
სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, ახლაც რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს. ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ. ასევე, დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან ქართული დემოკრატიის მისამართით და აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის ნება, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური გზით – არჩევნების საშუალებით – გამოიხატა.
და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირის დელეგაციას გაწეული მუშაობისათვის და არჩევნების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისათვის. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება სიღრმისეულად შეისწავლის მათ რეკომენდაციებს და გააგრძელებს ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას მომდევნო არჩევნების სათანადო დონეზე ჩასატარებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცესკო – ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო