LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილმა იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში მოთავსებული ბავშვები მოინახულა

146
BeFunky-collage (1)

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში პაციენტი ბავშვები მოინახულა და საქართველოს პარლამენტის სახელით, პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

პარლამენტის ინფორმაციით, პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებთან გია ვოლსკისთან, დავით სერგეენკოსთან, ლევან იოსელიანსა და პარლამენტარ ირმა ზავრადაშვილთან ერთად ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

„ვესტუმრეთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებს, რომლებიც გმირები არიან და იბრძვიან ექიმებთან ერთად. ძალიან ბევრი პოზიტიური შედეგი აქვთ მკურნალობის.

მცირედით გავახარეთ ბავშვები, საჩუქრები ვაჩუქეთ და ახალი წელი მივულოცეთ. ამ თვის ბოლოს დასრულდება შენობის ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია. საერთაშორისო ევროპულ სტანდარტს უტოლდება ის გარემო, რომელიც იაშვილის კლინიკაშია შექმნილი, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის დონითაც, რაც მისასალმებელია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„საშუალება მოგვეცა, მოგვენახულებინა პაციენტები და მოკრძალებული საჩუქრები გადაგვეცა. ჩვენთვის ძალიან ემოციურია ამ ბავშვებთან ურთიერთობა და ამ მხარდაჭერის გამოხატვა. ეს ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ცენტრალურია ბავშვთა სამედიცინო სერვისების მიწოდებაში და მიხარია, რომ რეაბილიტაცია პრაქტიკულად სრულდება და სულ მალე, თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები მიაწოდოს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კლინიკაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერეს. ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ მეტი ინვესტიცია განახორციელოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ამაღელვებელია ამ ბავშვებთან კომუნიკაცია. მიხარია, რომ მკურნალობის შედეგები ამ საავადმყოფოში არის ერთ-ერთი საუკეთესო. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კიდევ მეტი ჩადოს მედიცინაში, ბავშვების მკურნალობაში, რომ დადგეს ის დრო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყნებში არ ივლიან სამკურნალოდ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ირმა ზავრადაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლინიკა ახალ ინფრასტრუქტურას ამზადებს ბავშვებისთვის.

„ეს ღონისძიება იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, რადგან ჩემთვის, როგორც ქალისთვის, დედისთვის, ექიმისთვის, მძიმეა, მაგრამ ბავშვები იმდენად გახარებული იყვნენ, ჩვენც გავბედნიერდით. კლინიკა ახალ ინფრასტრუქტურას ამზადებს ბავშვებისთვის, ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან ამ კლინიკის სრული დატვირთით მუშაობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, იაშვილის კლინიკაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ წელს, ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის პაციენტებს ახალ წელს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა კლინიკისთვის და ჩვენი პაციენტებისთვის. ვფიქრობ, ამ ტრადიციას აუცილებლად შევინარჩუნებთ და დღევანდელი მილოცვა იქნება ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი პაციენტების სწრაფად გამოჯანმრთელების საქმეში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კოლეგებთან ერთად მოვინახულეთ იაშვილის სახელობის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრის პაციენტი ბავშვები. მივულოცეთ ახალი…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ხუთშაბათი, 05 იანვარი, 2023

 

 

იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში ამჟამად მკურნალობას 20 ბავშვი გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები