საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ „შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გავაჩეროთ, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს“.
ქადაგიშვილის განმარტებით, ქვეყანაში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია.
„შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გავაჩეროთ, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მოვახდინეთ მთელი რიგი ახალი კანონპროექტების ინიცირება. გავხსენით დამატებით ფანაჯარა და დრო, რომ ყველა მსურველს ჰქონოდა შესაძლებლობა შემოეტანათ თავიანთი განცხადებები მოსამართლეობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ღიაა. მწვავე დეფიციტია მოსამართლეების ქვეყანაში, პირველი მოთხოვნა, რაც სასამართლოთი მოსარგებლე მოქალაქეებს აქვთ, ეს არის, რომ სასამართლო პროცესები წარიმართოს სწრაფად. ამისათვის საჭიროა სასამართლო რეფორმის პარალელურად, სასამართლო კორპუსის შევსებაც მოხდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.